“თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში” – ხატია დეკანოიძე

“თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში”,- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„შეკითხვები, რომლებიც თქვენ დასვით, არ ემსახურებოდა იმას, რომ თქვენ რეალური ჭეშმარიტება გაგეგოთ. თქვენ, თითოეულ თქვენგანს გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყვეთ დღეს, აქ. საერთოდ, საქართველოში ძალიან ბევრ ხელისუფალს ჰქონდა იმის ცდუნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის სახელით ესაუბრა და ყველა ამ ხელისუფალს მერე ხალხმა ძალიან კარგი და საკადრისი პასუხი გასცა. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ეს ცდუნება, თქვენც, თითოეულ თქვენგანსაც, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ დავალებებს არ ვასრულებთ არავისიო და შვილებს იფიცებთ, არ ვიცი, შვილებს რას ერჩით, მაგრამ ბატონი მდინარაძე ამბობდა, რომ ჩემს შვილებს გეფიცებით, მე არავის დავალებებს არ ვასრულებო, მე გეტყვით, ვის დავალებას ასრულებთ და ქალბატონ პრეზიდენტსაც მინდა ეს ვუთხრა, იმიტომ რომ მან არ დაასახელა ეს ადამიანი. თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თქვენ არ გაინტერესებთ არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ჩვენი შვილების მომავალი, როგორი პრესტიჟი ექნება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში. არ გაინტერესებთ სოციალურად დაუცველი ადამიანები. ერთადერთ რატომაც ეს ადამიანები გაინტერესებთ ისაა, რომ წაგლიჯოთ ხმები. ყველაზე უფრო საშინელება რაც არის ისაა, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია, უფრო სწორად, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ. ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ამ ქვეყნის ისტორიული მისია. ქართველი ხალხი, როგორც შარშან მარტში არ გაპატიათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, არც ახლა არ გაპატიებთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ კითხვით მიმართა ასევე შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზებ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

„ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში. ხომ ესე იყო ბატონო შალვა? იყო. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზეა იმპიჩმენტი? იმიტომ რომ მაკრონს შეხვდა და ელაპარაკა კანდიდატის სტატუსზე? თქვენ რატომ არ შეხვდით მაკრონს და რატომ არ ელაპარაკებით? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება მაკრონს?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.