“დღეიდან 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი” – ირაკლი კობახიძე

“დღეიდან 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი,”- აღნიშნული განცხადება გააკეთა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ჩაგდების შემდგომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს არის ის, რომ დადგინდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი და, კიდევ ერთხელ, ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ორივე შედეგი მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

შესაბამისად, დღეიდან 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი.

მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება, რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. ის და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე. სინამდვილეში ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“,– განაცხადა კობახიძემ.