“მისი ინფრასტრუქტურა და მოცულობა იმდენად მცირეა, რომ სევასტოპოლის საზღვაო ფლოტს იქ ფიზიკურად ვერანაირად ვერ დაატევს” – ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადება გააკეთა, ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში რამდენად იქნებოდა თავიდან აცილებული ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო პორტის განთავსების საფრთხე.

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, “ერთმანეთთან აბსურდულ დაკავშირებებს აქვს ადგილი“.

მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით ოჩამჩირის პორტი რუსეთის ფლოტილიას ვერ მიიღებს.

“მისი ინფრასტრუქტურა და მოცულობა იმდენად მცირეა, რომ სევასტოპოლის საზღვაო ფლოტს იქ ფიზიკურად ვერანაირად ვერ დაატევს. აქვს მცირე აკვატორია, სადაც შეიძლება საზღვაო სანაპირო დაცვის კატარღა განთავსდეს.

რუსეთის აგრესია და ოკუპაცია არის უკვე მომხდარი და მიმდინარე ფაქტი, მიმდინარე პროცესი. თუ დამატებითი ქმედება განხორციელდება, ეს მიმდინარე აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის გაგრძელება იქნება.

როგორც მთავრობამ, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადებები უკვე გააკეთა. დანარჩენი თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველომ იქ რაიმე სამხედრო ხასიათის ჩარევა უნდა გააკეთოს, ასეთი პროვოკაციული განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.