ამ ხელისუფლების პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე, ვერაფერი გვიშველის – გიგა ბოკერია

“ამ ხელისუფლების პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე, ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, „რადგან ის ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს“.

„ოპოზიციის დისკუსიას ვადევნებდი თვალ-ყურს და ეს დისკუსია, ჩემი აზრით, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია თავიდანვე იყო ძალიან მკაფიო, განსხვავებით ოპოზიციის დიდი ნაწილისგან.

ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის არჩევანი და პოზიციაა, რომ ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა ვისარგებლოთ იმ ისტორიული შესაძლებლობით, რომელიც იხსნება. ასევე, მთელი ოპოზიცია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ ამოცანით არ ხელმძღვანელობს. ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი ამოცანა აქვს – ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, ქვეყნის ინტერესების ღალატის ფასადაც კი. ნატო-ში გაწევრიანებას, ევროკავშირთან დაახლოებას, ამერიკასთან თანამშრომლობას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ამოცანა გააჩნია. დღეს, ჩვენ, ასეთი მთავრობა არ გვყავს“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.