“სკანდალი ისაა, რომ თავიანთმა თანამოაზრეებმა გახეთქეს ეს ამბავი, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს” – მამუკა მდინარაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“] ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს, ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს „ქვეყნისთვის დამაზიანებელი საერთო „მესიჯბოქსები“ აქვთ“.

„მათ მეტი რესურსი აქვთ, რომ ერთ აზრზე იყვნენ. რატომ იცით? ერთი დავალების ქვეშ მოქმედებენ. თუმცა აი ამ ვითარებაშიც კი, როდესაც „მესიჯბოქსი“ ერთი აქვთ. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნისათვის ერთი მავნე მიმართულებით და არა მხოლოდ, რომელიმე პარტიის ან სახელისუფლებო გუნდისათვის აქვთ ერთი „მესიჯბოქსი“. საერთო „მესიჯბოქსით“ და საერთო მიზნებით მოქმედებენ, ქვეყნის წინააღმდეგაც მოქმედებენ. აგერ სკანდალური ამბავი გაუსკდათ, რასაც ჩვენ ისედაც ვლაპარაკობდით. სკანდალი ისაა, რომ თავიანთმა თანამოაზრეებმა გახეთქეს ეს ამბავი, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ან თუ მიიღებს რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ. ახლა კულისებში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რამენაირად, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლებას არ დაბრალდეს. რა ვიცი ვის უნდა დაბრალდეს. ვინც უნდა, რაც უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.