რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია მუნიციპალიტეტების ვებგვერდები სამეგრელო-ზემო სვანეთში?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკუთარ ვებგვერდებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის არაეფექტიანად იყენებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2013 წელს გამოაქვეყნა მსგავსი კვლევა,  წინამდებარე ანგარიში კი მომზადდა იმის დასადგენად, თუ  რამდენად შეიცვალა 2013 წლის შემდეგ ვებგვერდების ინფორმირებულობის დონე, რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მათ საქმიანობას.

კვლევამ ქალაქ ზუგდიდის, თემი ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მესტიის მუნიციპალიტეტები მოიცვა.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ვებგვერდებზე უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყნდება, ვიდრე 2013 წელს, თუმცა მაინც არასაკმარისად;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს ვებგვერდი ამ მომენტისათვის არ ფუნქციონირებს და შესაბამისად წალენჯიხის მონაცემები წინამდებარე კვლევაში არ არის წარმოდგენილი;
  • კვლევაზე მუშაობისას თემი ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობას და საკრებულოს ჰქონდათ ორი ვებ-გვერდი  www.zugdidimunicipality.gov.ge და www.zugdidi-sakrebulo.ge, ჩვენს მიერ სწორედ ეს გვერდები იქნა შეფასებული, თუმცა კვლევის გამოქვეყნებამდე, მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ორივე გვერდი გაითიშა. როგორც მუნიციპალიტეტში განგვიმარტეს გამგეობასა და საკრებულოს ექნება ერთიანი ვებ-გვერდი www.zugdidi.mun.gov.ge, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად კვლევაში წარმოდგენილია ძველი ვებ-გვერდების შეფასება, ახალი ვებ-გვერდის ინფორმაციულობისა და გამჭვირვალობის დონეს კი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შეისწავლის მას შემდეგ მასზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები დასრულდება;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვთ მიღებული მარტვილისა და ხობის საკრებულოებს, ამასთან, დადგენილებით განსაზღვრულ გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის სტანდარტებს სხვა მუნიციპალიტეტების ვებგვერდები ვერ აკმაყოფილებენ;
  • მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  ოფიციალურ ვებგვერდებზე არასაკმარისად არის განთავსებული; არ ხდება გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლება, რაც აუცილებელია, მაგალითად, ბიუჯეტის ან სხვა რომელიმე დადგენილების ცვლილების შემთხვევაში;
  • ცალკეულ შემთხვევაში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ვებგვერდები ტექნიკურადაც გაუმართავია, აქვთ რთული საძიებო სისტემა, რამდენიმე ვებგვერდიდან შეუძლებელია განთავსებული ელექტრონული დოკუმენტების ჩამოტვირთვა;
  • შედეგად ერთმნიშვნელოვნად ირღვევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხს;

მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი ერთგვაროვნი შინაარსისაა და იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შემდეგი სახის ინფორმაციის გასაჯაროვებას ავალდებულებს: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები: ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; სამართლებრივი აქტები; საკრებულოს სხდომის ანონსი და სხდომის ოქმები; თანამდებობის პირთა და საჯარო უწყებათა მიერ განხორციელებული სამუშაოს ანგარიშები; ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი; ინფორმაცია სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისების შესახებ და ა.შ.

დადგენილებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს სრულად არცერთი მუნიციპალიტეტი არ ასრულებს. შესაბამისად, კვლევის საწყის ეტაპზე ჩვენს მიერ განისაზღვრა იმ ინფორმაციათა კატეგორიების ის მინიმალური ზღვარი, რომელთა განთავსება და პერმანენტული განახლება მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მინიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ასეთ ინფორმაციად მოვიაზრებთ:

2017 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი:

  • დამტკიცებული ბიუჯეტი, პრიორიტეტების დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი, რომლებიც განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ძირითად მიმართულებებებს და განსახორციელებელ ღონისძიებათა ხარჯებს სენაკისა და თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობების გარდა, არცერთი სხვა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის გამგეობის ვებგვერდზე სამივე ზემოაღნიშნული დოკუმენტია ატვირთული, სენაკის გამგეობას კი მხოლოდ ბიუჯეტი აქვს გამოქვეყნებული.
  • რაც შეეხება საკრებულოებს, დამტკიცებული ბიუჯეტი, პრიორიტეტების დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი გამოქვეყნებულია ხობის, მარტვილის, სენაკი, ფოთის და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოების ვებგვერდებზე. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები გამოქვეყნებული აქვთ ჩხოროწყუს და თემი ზუგდიდის საკრებულოებს, ბიუჯეტი არ არის გამოქვეყნებული აბაშის და მესტიის საკრებულოების ვებ-გვერდებზე

სამართლებრივი აქტები, მათ შორის გამგეობის,  საკრებულოს და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების დებულება/რეგლამენტი:

  • მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტები, გამგეობის/მერიის, საკრებულოს და სტრუქტურული ერთეულების დებულება, რომელიც განსაზღვრავს მათი საქმიანობის არეალს და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს გაერკვეს ამა თუ იმ უწყების ძირითად უფლებამოსილებებში, უნდა იყოს გამოქვეყნებული ამ ორგანოთა ოფიციალურ ვებვერდებზე. თემი ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, მესტიის გამგეობებსა და ქალაქ ზუგდიდისა და ფოთის მერიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებულია როგორც ცალკეული სამართლებრივი აქტები, ასევე გამგეობა/მერიის და სტრუქტურული ერთეულების დებულებები. მხოლოდ გამგეობის დებულებაა გამოქვეყნებული აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზე; მარტვილისა და სენაკის გამგეობებს კი არცერთი ზემოჩამოთვლილი დოკუმენტი არ აქვთ გამოქვეყნებული.
  • საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები (დადგენილებები, განკარგულებები, მათ შორის საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების რეგლამენტი/დებულება) სრულად აქვთ გამოქვეყნებული თემი ზუგდიდის, ქალაქ ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუს და ხობის საკრებულოებს, სამართლებრივი აქტები არასრულად აქვთ გამოქვეყნებული ფოთისა და მესტიის საკრებულოებს, მარტვილის საკრებულოს ვებგვერდზე 2014 წელს მიღებული რამდენიმე სამართლებრივი აქტია ხელმისაწვდომი, აბაშის საკრებულოს ვებგვერდზე კი არცერთი სამართლებრივი აქტი არ იძებნება.
  • ამავე დროს, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდა ხობის საკრებულოს ვებგვერდისა, სხვა ყველა საკრებულოს სამართლებრივი აქტების საძიებო მექანიზმი გაუმართავი აქვს, კერძოდ, სათაურში მითითებულია მხოლოდ აქტის ნომერი და მიღების თარიღი, რაც დაინტერესებულ პირს გაურთულებს სასურველი დოკუმენტის ძებნის პროცესს. აუცილებელია, რომ სათაურშივე იყო აქტის ოფოციალური დასახელება გამოტანილი

სოციალური პროგრამები:

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის 15,4% სოციალურ დახმარებას იღებს.

მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობა ორგანოთა ვებგვერდებზეც იყოს გამოქვეყნებული.

ჩვენი პოზიციით, აღნიშნული ინფორმაცია, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს, თუ რა სახის სოციალური პროგრამები ხორციელდება მუნიციპალიტეტში; რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი თითოეული პროგრამის დასაფინანსებლად, ვინ შეიძლება გახდეს ამა თუ იმ პროგრამის მონაწილე; რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი სასურველი დახმარების მისაღებად და რა კონკრეტული კრიტერიუმებით/მეთოდოლოგიით ხდება კონკრეტული სოციალური პროგრამის ბენეფიციარის შერჩევა.

  • აღსანიშნავია, რომ ამ ფორმით მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ზუგდიდის მერიის გარდა, არცერთ სხვა მუნიციპალიტეტს არ აქვს გამოქვეყნებული. თემი ზუგდიდის გამგეობას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ მუნიციპალური სოციალური პროგრამის მარეგულირებელი  სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ იძლევიან სრულყოფილ ინფორმაციას. ჩხორწყუს გამგეობის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 2014 მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის გაგზავნილი წერილი მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ. სხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებს რაიმე სახის ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ არ აქვთ გამოქვეყნებული.
  • მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ვებგვერდზე, აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია თემი ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე. მარტვილის, აბაშის, სენაკის, ფოთის, ჩხოროწყუსა და მესტიის საკრებულეობის ვებგვერდებს კი არ აქვთ გამოქვეყნებული.

ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ

ათივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე იძებნება ინფორმაცია საკრებულოს როგორც დაგეგმილი, ასევე უკვე გამართული სხდომების შესახებ, ასევე ხელმისაწვდომია ოქმები სხდომის გამართვის შესახებ, თუმცა მხოლოდ ვებგვერდების ანალიზით შეუძლებელია დადგენა, თუ რამდენად ასახავს გამოქვეყნებული დოკუმენტები და მასალა ამ დრომდე ჩატარებული ყველა სხდომის შესახებ ინფორმაციას.

თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები

  • ყველა თანამდებობის პირის ბიოგრაფია (გამგებელი/მერი, გამგებლის/მერის მოადგილე/მოადგილეები, სტრუქტურული ერთუელის/სამსახურის უფროსი)  გამოქვეყნებულია ქალაქ ზუგდიდის მერიის, ხობისა და ჩხოროწყუს გამგეობების ვებგვერდებზე. მხოლოდ გამგებლის/მერის და გამგებლის/მერის მოადგილეების ბიოგრაფიებია გამოქვეყნებული ფოთის მერიის, თემი ზუგდიდის აბაშის და მარტვილის გამგეობების ვებგვერდებზე, სენაკის გამგეობის ვებგვერდზე კი მხოლოდ გამგებლის ბიოგრაფიაა ხელმისაწვდომი.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა თანამდებობის პირის ბიოგრაფია, მესტიის საკრებულოს ვებგვერდზე კი მხოლოდ თავმჯდომარის ბიოგრაფიაა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შერჩეული კატეგორიების მიხედვით, რეგიონში მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს შორის ყველაზე გამჭვირვალე/ინფორმაციული ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებ-გვერდია, წარმომადგენლობით ორგანოებს შორის კი ქალაქ ზუგდიდისა და ხობის საკრებულოს ვებგვერდები. ყველა ნაკლებად ინიფორმაციული კი მარტვილის გამგეობისა და აბაშის საკრებულოს გვერდებია.

დასკვნა და რეკომენდაციები:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სამეგრელო-ზემო სვანეთში ეფექტიანად არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან და მედიასთან ურთიერთობის საშუალებას. ელექტრონული მმართველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რაც თავისთავად ზრდის საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს მოქალაქეთა თანამონაწილოებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციაა:

  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც ჯერ არ შეუმუშავებიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა და მიიღონ შესაბამისი დადგენილება, ვინაიდან მუნიციპალიტეტები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
  • წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ვებგვერდებზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს/განახლდეს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების დადგენილი წესის შესაბამისასად;
  • ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა და შემდგომი დამუშავება;
  • მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;
  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც არ აქვთ მოწესრიგებული ე.წ. ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა. სასურველია, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით მუნიციპალიტეტთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს 24 საათის მანძილზე;
  • ასევე სასურველია თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალ ვებ-გვერდზე მუშაობისას გაითვალისწინოს ჩვენს მიერ გამგეობისა და საკრებულოს ყოფილ გვერდებზე აღმოჩენილი ნაკლოვანებები და გამოაქვეყნოს ყველა ის ინფორმაცია რაც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესით არის განსაზღვრული.

შესწავლილი ვებგვერდები:

  1. ქალაქი ზუგდიდი – http://www.zugdidicity.gov.ge/ და http://www.zugdidi.gov.ge/
  2. თემი ზუგდიდი – http://www.zugdidimunicipality.gov.ge/ და http://www.zugdidi-sakrebulo.ge/
  3. მარტვილი – http://www.martvili.ge/index.php და http://www.martvili-sakrebulo.ge/
  4. აბაშა – http://www.abasha.ge/index.php და http://www.abasha-sakrebulo.ge/
  5. სენაკი – http://www.senaki.ge/ და http://www.senaki-sakrebulo.ge/
  6. ხობი – http://www.khobi.ge/index.php და http://www.khobi-sakrebulo.ge/
  7. ფოთი – www.poticity.ge და http://www.poti-sakrebulo.ge/
  8. ჩხოროწყუ – http://www.chkhorotsku.ge/index.php და http://www.chkhorotsku-sakrebulo.ge/index.php
  9. მესტია – http://mestia.ge/ და http://www.mestia-sakrebulo.ge/geo.html
  10. წალენჯიხა – www.http://tsalenjikha.ge/ და www.http://tsalenjikha-sakrebulo.ge

 

კომენტარის დატოვება