“პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ყოველთვის დაიცავს მოსამართლეებს”

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი  ფიქრია ჩიხრაძე მოსამართლეების ზეწოლის საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთვება საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებაში.

„პრეზიდენტი როდესაც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდებოდა მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო ძალიან აქტიური, ძალიან დაინტერესებული. ამ შემთხვევაშიც მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, გეტყვით ერთ რამეს რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს ჩაერთოს ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ამ გაჩენილ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს.

ეს არის ძალიან რთული თემა, როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ ზეწოლაზე და ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმა კი არ არის , არამედ არის ოფიციალური პროცესი და ბუნებრივია პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს“-განაცხადა  ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა.

 

კომენტარის დატოვება