„უვიზო მიმოსვლით საქართველო ცდილობს აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში შეიტყუოს“

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ შეეხებათ აფხაზეთის მოქალაქეებს. უწყების განცხადებით ეს მორიგი მანიპულაციაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში შეიტყუოს.

-„უპერსპექტივო მცდელობაა, თუ საქართველოს მთავრობა მართლაც დაინტერესებულია ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებით, მაშინ მათ უარი უნდა თქვან აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელთაც ოფიციალური თბილისის მიზეზით უარს ეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე.

„ნეიტრალური პასპორტების“ სრული კრახის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია აფხაზეთის მოქალაქეებისთვის მორიგი სატყუარაა, რომელსაც ჩვენ არ წამოვეგებით.

ასე რომ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა არ ეხებათ აფხაზეთის მოქალაქეებს“-აცხადებენ უწყებაში.

კომენტარის დატოვება