,,ისრაელთან მიმართებით ატეხილი აჟიოტაჟის უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იდგეს’’

ისრაელთან დაკავშირებით პარტია ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ატეხილი აჟიოტაჟის უკან შესაძლებელია იდგეს რუსული სპეცსამსახურები. იგი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის და  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

,,მსურს გამოვეხმაურო ისრაელთან მიმართებით ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით არის გაზვიადებული მტკნარი სიცრუე და ამ ყველაფრის უკან სავარაუდოდ დგას იმ ქვეყნის სპეც. სამსახურები, რომელთა ინტერესში არ შედის ისრაელის ინვესტიციების ფართო მასშტაბების არსებობა საქართველოში. რამდენიმე წლის წინ არაოფიციალური ვიზიტით თავად გახლდით ისრაელში, მიუხედავად ჩემი პოლიტიკური სტატუსის, ისრაელის სახელისუფლებო, ოპოზიციურ თუ ბიზნეს წრეებში არსებული სანაცნობო წრისა, მეც მომიწია მკაცრი კონტროლის გავლის გზით სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც 2 წლის წინ ხანუქიას ვანდალური დრაბევის ფაქტს გამოვეხმაურე სპეციალური ბრიფინგით და ხშირად ვარ იქ, სადაც საქართველო-ისრაელის ურთიერთობებია, მეც მომიწია საკმაოდ მკაცრი რეჟიმის გავლის გზით ქვეყანაში შესვლა, მაგრამ ეს ნორმალურია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ისრაელი ჩაბმულია ომში და ისინი ვალდებულნი არიან ნებისმიერ ფასად დაიცვან მშვიდობა და დაიცვან თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოება.

ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც არასდროს არ ივიწყებს ქართველი ხალხის ამაგს და ყოველთვის სიყვარულით მოიხსენიებენ საქართველოს, ეს არის ქვეყანა, რომელიც წლების მანძილზე ახორციელებს საქართველოში ინვესტიციებს და არასდროს არ დავუტოვებივართ ყურადღების მიღმა, მაშინაც კი, როცა ჩვენ ვიმყოფებოდით საომარ მდგომარეობაში ისრაელის სახელმწიფო იდგა ჩვენი დაჭრილი სამხედროების გვერდით. გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ ის სხვა ქვეყანაა და არ არის ვალდებული იზრუნოს ჩვენი თანამოქალაქეების მასშტაბური დასაქმებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ეხება დოკუმენტების არასრულყოფილებას და ქვეყანაში უკანონოდ შეღწევის მცდელობის შემთხვევებს.

საქართველოს მოქალაქეების დასაქმების, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების ვალდებულება აკისრია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. მე მსურს მოვუწოდო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს საქართველო-ისრაელის ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ ნაწილში. მსურს მივმართო ინიციატივით, რომ მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის ორგანოებს მისცემს სწორ რეკომენდაციებს და საზოგადოებას გასცემს ამომწურავ პასუხს ყველა იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ფართო საზოგადოებას მიეწოდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების გზით.

ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საფრთხე არ შეექმნას ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას და ეს მიზანი მოითხოვს მოქმედებებს. ‘’ – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება