ზოგიერთი სამშობიარო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვება

ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექციურ კონტრაქტირებას პირველი მარტიდან დაიწყებს. კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.

„ბოლო 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა ე.წ. რეგიონალიზაციის პროცესი, როდესაც შეფასებული იქნა პრაქტიკულად ყველა დაწესებულება. განისაზღვრა მათი დონეებთან შესაბამისობა, თუ რა სირთულის ორსული და ბავშვის მოვლა შეუძლიათ მათ, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ ეს დონე,“ – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.