აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირება

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საზოგადოების ფართო წრეებთან და მთელი ერის, მთელი ქვეყნის გადაწყვეტილება უნდა იყოს“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ კონფერენციის გახსნისას.

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ტარდება კონფერენცია და ისევ აქტუალური ხდება გზების ძიება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენციაც და ყველა შემდეგი ღონისძიებაც, რომელიც მას მოჰყვება, იქნება ძალიან პროდუქტიული და ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა“ და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა. თუმცა ესეც არ არის მარტივი თემები, რადგან თითოეული ტიპის აქტიურობა ძალიან ბევრ პოლიტიკურ ასპექტთანაა დაკავშირებული. თუ ძალიან ინტენსიური მუშაობა არ წარვმართეთ ამ მიმართულებით, თავისით ვითარებები არ გაუმჯობესდება, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ გარდა ამ ფორმატისა, კონფლიქტის მოგვარების გზაზე გარღვევა არ გვაქვს, იყო სხვადასხვა წინადადებების განხილვა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა, მაგრამ ბევრი მათგანი მოკლებული იყო რეალობას. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და რეალისტური იყოს ჩვენი ხედვა, ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, განწყობა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი რეალურად დაიძრას ადგილიდან, არსებობს და ამისთვის არსებობს შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს არის ერთერთი თემა, რომელზეც ოსური მხარე მოდის თანამშრომლობაზე. მათ ესმით, რომ ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. კარგია, რომ მათი მხრიდან არ მოდის აგრესია“, -განაცხადა მადინა გაგიევამ.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობებზე ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ ისაუბრეს. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს. უნდა მომზადდეს მათთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე, კომისიებზე დაფუძნებული შეთავაზების სრულიად ახალი პაკეტი“, – განაცხადა ჯემალ გახოკიძემ.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.