ქუთაისის მერიიდან მამაკაცი გამოაძევეს

დავით ცხვარაძე

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში მისული მოქალაქე მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვამ და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობიდან იძულებით გაიყვანეს.

ხუთი შვილის მამა, 40 წლის დავით გვეტაძე მერის მოვალეობის შემსრულებელთან საკუთარი პრობლემების გასაცნობად იყო მისული. გვეტაძე აცხადებდა, რომ მერიის შენობას მანამდე არ დატოვებდა, ვიდრე მას შარაბიძესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცემოდა, თუმცა მრავალშვილიანი მამის სანახავად არც მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც მერიის სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ. ქალაქის მერიის დაცვის თანამშრომლები მოქალაქეს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რის გამოც დავით გვეტაძესა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„2005 წლიდან მერიიდან დახმარებას ვითხოვ. დღესაც ვიყავი მისული, მაგრამ არ მიმიღეს. მიხეილ სააკაშვილთან, თბილისში, 2011 წელს რომ ვიყავი ჩასული, მან ჩემი დახმარება მერიას დაავალა. ჩემი შვილები ჩემმა ცოლმა საყვარლის გამო მიატოვა. სახლში გაზი არ მაქვს. ერთჯერადი დახმარებით ოჯახი ვარჩინო თუ გაზი შევიყვანო. ორი ჭიქა მაქვს დალეული, მაგრამ აქედან არ წავალ, ვიდრე მერს არ ვნახავ. იმდენია და ისე იცვლებიან, ვერც გავიგე ვინ არის უფროსი და ვინ უმცროსი,“ – ამბობს დავით გვეტაძე.

ზემოთაღნიშნულ ინცინდენტს მერიის თანამშრომლები და ქალაქის საკრებულოს დეპუტატებიც შეესწრნენ. ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაბრაზებული მოქალაქისგან კი მერიას დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ.