მაინც ქართული გზით უნდა ვიაროთ, სწორება მაინც დიდ წინაპრებზე უნდა გაკეთდეს

იზა ვეფხვაძე

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და დირექტორი სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან-რაინდთა დასის საპატიო წევრი.

გიწვევთ!

ამ არეულ წუთისოფელში, ამ ” გაგიჟებულ” დროებასა და ეგზალტირებულ საზოგადოებაში, დრო და ადგილი აღარ რჩება წარსულის გასახსენებელ-მოსაფერებლად, არამოდური გახდა სიტყვა სამშობლო, წინაპრები, აღარას ვამბობ სამშობლოს მონატრება-თავგადაკლულ სიყვარულზე… მაგრამ თვით ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი გამოკრთის იმედი, ჩვენ, ვისაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაინც ქართული გზით უნდა ვიაროთ, სწორება მაინც დიდ წინაპრებზე უნდა გაკეთდეს, ამ იმედით

გიწვევთ და გელოდებით

დიდი ქართველის გასახსენებლად

18 მარტს, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პიონერფილმის დარბაზში, 1 საათზე

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს , დიდი ქართველი მამულიშვილის, სიმონიკა ბერეჟიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს ” ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი”…

ამინდის შემთხვევაში, მსურველები იქედან გავემართებით მთაწმინდის პანთეონისკენ და 2 საათსა და 30 წუთზე მთაწმინდის პანთეონიდან , ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ხარაგაულის ფილიალის ჩოხოსანი ახალგაზრდები თბილისს წაუკითხავენ სიმონ ბერეჟიანის პოემას ” პაემანი მთაწმინდაზე”….

ვინაიდან სიმონ ბერეჟიანის ცნობადობა საქართველოში ნაკლებია, შეგახსენებთ, რომ იგი გახლავთ ავტორი საოცარი სტრიქონების:

„ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო, თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!”…

აქვე დავსძენ, რომ მისი საფლავი უცნობია, ხოლო გარდაცვალებამდე, მას, პარიზში, ვახტანგ ღამბაშიძის არქივში ჩაუწერია:

” თუ უცხო მიწაზე დავლიე სული, ჩემი უკანასკნელი გაჟრჟოლება იქნება საქართველო. ხოლო თქვენ კი გთხოვთ, გთხოვთ ყველას, რომ ჩემი ლექსი ” პაემანი მთაწმინდაზე” , მთაწმინდიდან წაუკითხოთ ჩემს საყვარელ თბილისს…

ჩვენ, სიმონიკა ბერეჟიანის ანდერძს, ზუსტად 75 წლის მერე ავასრულებთ. .. ვფიქრობ , ყველა ღირსეული ქართველი ვალდებულია, რომ შემოგვიერთდეს ამ დიდი ქართველის უკანასკნელი სურვილის აღსასრულებლად…

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ( ხელ-ლი დავით კიკნაძე),  თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექციას და პიონერფილმს ( ხელ-ლი გრიგოლ ჩიგოგიძე), მთაწმინდის პანთეონის ადმინისტრაციას და სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასს ( ხელ-ლი გოგი დოლიძე), ბატონ დავით ჭელიძეს…

გთხოვთ გააზიაროთ მეგობრებო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ღონისძიების შესახებ..