“პირველად მივემგზავრები ევროპაში, მიხარია, რომ ვარ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე”

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.  ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეუერთდა. უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს – ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს – ბრიუსელს ეწვევა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საკონტროლო ზონა უკვე გაიარა. წინ არის გზა ევროპისკენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წამომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაივლის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ძირითადად სტუდენტები არიან- მომავალი თაობა, რომელთაც უკვე გადადგეს პირველი წარმატებული ნაბიჯები ცხოვრებაში. მათთვის ის სიკეთე, რაც შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მოაქვს, განსაკუთრებულია.

“პირველად მივემგზავრები ევროპაში და ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს დღე დაემთხვეოდა ასეთ ისტორიულ ფაქტს-უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვმონაწილეობს ისტორიულ ვიზიტში,”- თამარ მირიანაშვილი, თსუ-ს სტუდენტი.

“მოხარული ვარ, რომ ვარ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ასევე მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის იქეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისინი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილები არიან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა გამოიყენონ მათაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი კარგი წინაპირობა,”- ნიკა მარკოზაშვილი, საზღვრისპირა სოფელ დიცის მცხოვრები.