ვის შეუძლია 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის უფასოდ აღება

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ, ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, ასევე, მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა.
პირადობის მოწმობას ასევე უფასოდ აიღებენ პირები, რომელთაც არ აქვთ არც ერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი).
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
უწყების ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

 

კომენტარის დატოვება