რუსეთი საქართველოს არასდროს განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ, თანსწორ სუბიექტს

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის” დირექტორი 

-“მცირერიცხოვან ქართველ ერს თავისი ისტორიის მანძილზე მუდამ უხდებოდა ბრძოლა რწმენისა და თავისუფლებისათვის. საუკუნეების მანძილზე მრავალი იმპერია ცდილობდა საქართველოს განადგურებასა და ქრისტიანობის ამოძირკვას. იმპერიები გადაშენდნენ, საქართველო კი დღესაც არსებობს. როგორც წმინდა ილია ჭავჭავაძე ბრძანებს: „ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარედ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისა ვერ შემუსრეს იგი.“

ხშირად გვსმენია რუსი პოლიტიკოსებისგან, რომ მე-18 საკუნის ბოლოს რუსეთი საქართველოს მხსენელად მოევლინა და ცალკეულ სამეფოებად დაშლილი საქართველო გააერთიანა. ეს ყოველივე სრული სიმართლეა, თუმცა ასევე სიმართლეა ისიც, რომ რუსეთმა ეს არა საქართველოს კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი იმპერიის გასაფართოვებლად განახორციელა. რუსეთი საქართველოს არასდროს განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ, თანსწორ სუბიექტს. რუსული იმპერიალიზმის ასეთი მიდგომა ერთმორწმუნე, მცირე ერისადმი მრავალი უბედურების მომტანი აღმოჩნდა. გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული მრავალი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება: 1801 წლის 12 სექტემბრის მოყოლებული ქართული სამეფოების უკანონოდ გაუქმება; 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმება; 1921 წლის 25 თებერვალს ხელახალი ანექსია, რის შემდეგაც ამავე წელს საქართველოს ტერიტორიების 1/3 გადაეცა მეზობელ სახელმწიფოებს; 1804 წლიდან – 1924 წლამდე თავისუფლების მოთხოვნით 30-მდე აჯანყების სისხლში ჩახშობა. 1978 წელს ქართული ენის სახელმწიფო ენად გაუქმების მცდელობა და სხვა მრავალი… ფაქტია საქართველო რუსეთს ვალში არასდროს დარჩენია და „მფარველობის“ სანაცვლოდ საქართველომ ძალიან ძვირი საზღაური გადაიხადა. მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში პროცენტულად საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი გაიღო. ომში წასული 700 000 მებრძოლიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა.

რუსეთის სახელმწიფო ვერ აცნობიერებს, რომ მილიტარისტული პოლიტიკა დამღუპველია მისთვის. მრავალეთნიკური და ავტონომიებისგან შემდგარი სახელმწიფოსთვის. თუ დამოუკიდებლობა აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, რატომ არ შეიძლება იგივე ინგუშეთისთვის, დაღესტნისთვის, ჩერქეზეთისთვის…?
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომელიც მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის დასამკვიდრებლად, გრძელდება. რუსეთი პუტინის მეთაურობით ცდილობს მართლმადიდებლობის, ზნეობის და ჭეშმარიტი ღირებულებების დამცველად მოგვევლინოს. მაგრამ საუბედუროდ მხოლოდ ცდილობს. ეს ყოველივე ყალბია, რადგან ასევე მართლმადიდებელ სახელმწიფოებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას იმის ნაცვლად რომ მეგობრად და მოკავშირედ ჰყოლოდა, რუსეთმა ტერიტორიული პრობლემები შეუქმნა.

არსებული მდგომარეობა საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისათვის და ჯერ კიდევ არ არის გვიან, რადგან პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. საუბარია ინტერესთა თანხვედრაზე, თორემ იმის ილუზია ალბათ არავის აქვს, ჩვენი ბედი რუსეთს (და არც არავის) რომ არ აღელვებს. ვაჟას სიტყვებით რომ ვთვათ „ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა რამდენადაც თავად გამოადგება იგი“.

რუსეთის ფედერაციას, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს თავისი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. სამწუხაროდ სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად მხოლოდ სამხედრო ძალაზეა ორიენტირებული და დიპლომატიას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ოფიციალური კრემლი აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ნაცვლად იმისა, რომ დაყვავების პოლიტიკით მისი მოკავშირე სრულიად საქართველო ყოფილიყო.
საქართველო ანგარიშს გაუწევს რუსეთის ინტერესებს, ისევ შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა, კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ ოფიციალურმა მოსკოვმა უნდა გაითავისოს, რომ ეს არ მოხდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.

საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. ასევე რუსეთმაც აუცილებლად უნდა შეცვალოს მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. როგორც 19-ე საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი ბრძანებდა: “არასოდეს ეომოთ საქართველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ომი გვექნება თავად ღვთისმშობელთან, ეს კი რუსეთს დაღუპავს!”