საპარლამენტო კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სახალხო დამცველის „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშის განხილვა დაიწყო. საკომიტეტო სხდომაზე ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიში სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი განხილვის პროცედურები განმარტა. „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ვიწყებთ. ანგარიში დაგზავნილი აქვს ყველას და მის მოსმენას კომიტეტი რამდენიმე საკომიტეტო სხდომას დაუთმობს. დღეს სახალხო დამცველის ანგარიშთან ერთად საშუალება გვექნება რამდენიმე სამინისტროს მოსაზრებებსაც გავეცნოთ, რომლებიც ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე საკუთარი უწყების პოზიციებს წარმოადგენენ. განხილვების დასრულების შემდეგ კომიტეტი მოამზადებს დასკვნას, სადაც აისახება ის გამოწვევები და მიღწევები, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, საკომიტეტო ტრიბუნა უჩა ნანუაშვილს დაეთმო. სახალხო დამცველმა ანგარიშში მოყვანილ ძირითად მიმართულებებზე მოხსენება წაიკითხა და გასული წლის მდგომარეობა მიმოიხილა.

„ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში, გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. ამასთან, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებულ ძირითად, უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა; ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სამწუხაროდ, არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წელს 8 827 განცხადება / საჩივარი შემოვიდა, რაც მაღალი მაჩვენებელია და წლიდან წლამდე სახალხო დამცველის როგორც ცნობადობის ისე მის მიმართ არსებული მოლოდინების გაზრდაზე მეტყველებს. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და მასალების მიუწოდებლობის ფაქტები, მონაცემების მოთხოვნილი ფორმით დამუშავების არარსებობის გამო, რაც არასწორ პრაქტიკად უნდა შეფასდეს. მსგავსი მიდგომა, კანონის დარღვევის გარდა, მნიშვნელოვნად აფერხებს სახალხო დამცველის საქმიანობას და ვერ იქნება გამართლებული“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემებს, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ფაქტებს, ეროვნული უმცირესობების და შრომითი უფლების საკითხებს და კულტურული მემკვიდრეობის, გარემოზე ზემოქმედების, გენდერული თანასწორობის და შშმ პირთა სოციალურ პირობებსაც შეეხო. სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გამართეს. პარლამენტის წევრების განცხადებები უშუალოდ უჩა ნანუაშვილის საქმიანობასაც შეეხო, რომელიც არაერთგვაროვნად შეფასდა.

კითხვა-პასუხის შემდეგ კომიტეტის წევრებმა რიგ სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმინეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძემ სახალხო დამცველის ანგარიშში საკუთარი უწყებების მისამართით გამოთქმულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს და მათი შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიში წარმოადგინეს.

საკომიტეტო ფორმატში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.