ხელისუფლებამ “ხუდონჰესის” ინვესტორს „ტრანს ელექტრიკას“ პროექტიდან გასვლა შესთავაზა

როგორც ცნობილი ხდება, ხელისუფლებამ “ხუდონჰესის”  ინვესტორს „ტრანს ელექტრიკას“ პროექტიდან გასვლა შესთავაზა. “ხუდონჰესთან” დაკავშირებით განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა. 

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. აუცილებლად უნდა განხორციელდეს და აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით” – განაცხადა მედიასთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის 1-მილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და დიდი ალბათობით კომპანია, სულ მცირე, ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს. 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი გარემოსთვის  მიყენებულ ზარალს  და განსახლებას აპროტესტებენ.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, რასაც მოჰყვა მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც.

2013 წელს პროექტი განახლდა, მას ისევ მოჰყვა აქციები და პროტესტიც.