გივი ბერიკაშვილი: რა დროს მარიხუანაა, როცა ასეთი ღვინო გვაქვს ქართველებს…

ქეთი მიქაძე

ბატონი გივი ბერიკაშვილი ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე-ბატონო გივი, მარიხუანას ლეგალიზაციაზე რა აზრის ხართ-თქო.

შემომხედა, ცოტა ნასვამი იყო, ხელები გადააქნია, გაიღიმა და მითხრა:

-„რა მარიხუანა, რის მარიხუანა, რა დროს მარიხუანაა, როცა ასეთი ღვინო გვაქვს ქართველებს, ნაღდი ღვინო დალიონ, უშაქრო და უწყლო და მერე ნახე, ვინმეს ეგ რაღაც მარიხუანა თუ გაახსენდეს“-ო.

ახლა გავიგე, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭოსო და უცებ გამახსენდა ბატონ გივისთან ბოლო საუბარი. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა და იმედია მალე გივი თბილისის ერთ-ერთ ქუჩად სამუდამოდ დარჩება მის საყვარელ დედაქალაქში.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე გიორგი ალიბეგაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები თბილისის  ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა; აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით  აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან“.