” რუსულ მხარეს შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს”-საქართველო რეზოლუციის მიღებას ითხოვს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის მიღების თხოვნით მიმართა.

პროექტი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მოამზადა.

“საპარლამენტო ასამბლეა სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების დარღვევებით”, – წერია დოკუმენტში.

ტექსტში მითითებულია ევროსაბჭოს 6 რეზოლუცია, რომლებსაც მოსკოვი არღვევს.

აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ე. წ. შეთანხმებების ხელმოწერა, ცხინვალში ე. წ. რეფერენდუმის და აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ – რეგიონს.

“საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ნების და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიუხედავად, რუსულ მხარეს შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს”, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად უარესდება, მათ შორის ირღვევა გადაადგილების, განათლების და სხვა უფლებები.

“მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეა იმეორებს მოწოდებებს რუსეთის მიმართ, რათა უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვება; რომ უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეასრულოს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება”, – წერია დოკუმენტში.