„ის, რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა თავის ფანტაზიებში, ამათ გაბედეს…“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ წლებია ქვეყანა მანკიერ წრეზე ტრიალებს და ხელისუფლებაში მოსულ ყველა ძალას “თავი სახელმწიფო ჰგონია”. მისი თქმით დღეს “ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის პრიზმაში უყურებს სამყაროს”.

-„როგორ შეიქმნა დღევანდელი მოქმედი კონსტიტუცია კარგად გვახსოვს, მას შემდეგ რაც სააკაშვილს აღარ ჰქონდა საშუალება პრეზიდენტად დარჩენილიყო, ძალა-უფლების ცენტრი გადაიტანა პრემიერ-მინისტრის კონპეტენციაში, სუსტი პრეზიდენტი დატოვა, მაგრამ მაინც დატოვა არჩევითი ანუ ფასადური დემოკრატიის სურათი მაინც იყო შენარჩუნებული. დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა, გარკვეულწილად სააკაშვილის ოცნების ასრულებას ახდენს თავისთვის. ის, რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა თამამ ფანტაზიებში, ამათ გაბედეს. თქვეს, რომ საერთოდ რა საჭიროა, პრეზიდენტი ავირჩიოთ“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დააყენა.

„დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ მუდმივად უნდა იყვნენ. სტაბილურობის უკან სკამი ელანდებათ და არა ქვეყნის სტაბილურობა“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზეც ისაუბრა.

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი თავს იწუხებდეს, რომ იდეების იმპლემენტაციას ახდენდეს. მისგან არის შეკვეთა, რომ ხელისუფლება დაასტაბილუროს, ეს ხალხი იყოს, რაც შეიძლება დიდხანს“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით იდეებს ბიძინა ივანიშვილს უთანხმებენ.

„არ მგონია, მის გარეშე, თუნდაც, ძალიან მცირე გადაწყვეტილებებს იღებდნენ,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დააყენა.

„ამით ისინი კი არ იხანგრძლივებენ რეალურად ასეთი გადაწყვეტილებებით თავის ყოფნას ხელისუფლებაში, პირიქით, იმოკლებენ, ფორსირებულად მოხდება მათი ჩამოშორება… ეს კონსტიტუციური ცვლილებები არის ქართული ოცნების განაჩენი, რომლის აღსრულება აუცილებლად მოხდება,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.