შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვივნენ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს. საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მასპინძლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გაუწია.

პარლამენტის წევრები ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ამოცანებს და ფუნქციებს გაეცნენ. შსს-ში ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა. აღინიშნა, რომ უსაფრთხოების თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ცენტრის შექმნა რეალურ დროში მოახდენს: დანაშაულის კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირების და ავტომობილების, მიტოვებული და საეჭვო ნივთების დაფიქსირებასა და აღმოჩენას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ქვეყანაში მომხდარი ინციდენტების და მათზე განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების მონიტორინგს და საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციულ ანალიზს; კრიზისულ სიტუაციებში და მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების ერთიან მართვას.

საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან დაამტკიცა ახალი რეფორმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესის შემოღებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

აღნიშნული რეფორმის განხორციელებაზე დაკვირვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სწორედ ამ რეფორმისა და შსს-ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში მოინახულა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სერვისები და შესაძლებლობები იმის გარანტიაა, რომ დანაშაულის გახსნისა და პრევენციის კუთხით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი იქნება.

„ძალიან შთამბეჭდავი სურათი დაგვხვდა. ჩვენთვის, პარლამენტისთვის, დეპუტატებისთვის, იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ეს არის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალი კანონმდებელობა, ძალიან შთამბეჭდავია ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნა, რომლის მიზანია დანაშაულის გახსნის გაზრდა და დანაშაულის შემცირება ანუ პრევენციული ღონისძიებების გატარება. ეს ცენტრი პრევენციის თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქვეყნისთვის, იმისთვის რომ მივიღოთ კიდევ უფრო უკეთესი შედეგები.

კარგია, რომ ჩვენი სტუმრობა ემთხვევა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს. ამ კვირეულს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გვინდა, რომ ჩვენც შევუერთდეთ და სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში, სოციალურ კამპანიებში პარლამენტიც იყოს ჩართული სამინისტროსთან ერთად, იმისთვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს სიახლეების, რეფორმების და ახალი სტანდარტებს შესახებ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ძალიან აქტიურად დააკვირდება რეფორმის პროცესს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იცხოვრონ.