“მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის” ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 77-ე შეხვედრა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, “მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის” ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

“კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ შორის, მომდევნო კვირას, თბილისში, ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. 2009 წლიდან მოყოლებული პერიოდულად გარკვეული ბარიკადების და დამაბრკოლებელი მონაკვეთების მშენებლობა ხდება. ცალსახად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ყველა ამ მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადების და მავთულხლართების დემონტაჟი მოხდეს. ეს რეგიონში არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრ დაბრკოლებას და პრობლემას უქმნის, რაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე წვდომაში გამოიხატება. ეს ის საკითხია, სადაც ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანია იმ ფონზე, როცა ამერიკისა და გერმანიის კანცლერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადებები იყო”, – განაცხდა ციხელაშვილმა.