“ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია აცხადებს, რომ მასსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს საქმის სხვაგვარად წარმართვა სურთ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„დაიწყეს უაზრო საუბრები წამიერ შეხვედრაზე. დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ჩხუბი  და 12 რაუნდი არ მიჩხუბია, 10 წამში შემიძლია მე, მარტომ ფარცხალაძეს და მის ადვოკატს დავმართო ჩემზე უარესი, რაც მათ დამმართეს. საუბრობენ იმაზე, რომ გავედი საპირფარეშოში, თავი ვურტყი კედელს და დაზიანებები თვითონ მივიღე, ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს. სპეციალურად გამოძიება არის იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება, რადგან გავიდეს დრო და ამ კამერების ჩანაწერები წაიშალოს. ეს არის ჩემი ერთადერთი მტკიცებულება. მათი მოწმეები იქნებიან ის ადამიანები, რომლებზეც მოახდენენ ზეწოლას, რადგან ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძის მაგიდაზე, გარდა მიშა ჩოხელისა, იყო კიდევ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა, მოადგილე, საგამოძიებოს უფროსი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ხელეწიფება ზეწოლის მოხდენა. ეს ადამიანები თავს გადაირჩენენ ყველანაირი ფორმით”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.