“ჩვენი მტერი იყოს არშემდგარი ქართველი “კონფლიქტოლოგების” იმედად!!!”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

“არშემდგარი პოლიტიკოსები კონფლიქტებს ვერ მოაგვარებენ”! ამასწინათ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ქ-ნ ქ. ციხელაშვილს ვუსმენდი, ქვეყნის სახელმწიფო მინისტრს (შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის) და “რატომღაც” ეს მცირე წერილი “შემომეწერა”!..

…უკანასკნელ ათწლეულში, ვინ მოსთვლის თუ რამდენი მინისტრი გვყავდა კონფლიქტების მომრიგებელ-მომგვარებელი, რომლებმაც ქართული საზოგადოება ათასგვარი დაპირებებით კვებეს, როგორც “უმაღლესი კვალიფიკაციის კონფლიქტოლოგებმა” (მეტწილად, არასამთავრობო სექტორიდან წამოსული არშემდგარი პოლიტიკოსები), – გვეუბნებოდნენ, ისეთი “ხედვები” გვაქვს, რომ საქართველოს კონფლიქტებს აუცილებლად მოვაგვარებთ და ქვეყანასაც გავამთლიანებთო!..

რომელი ერთი გითხრათ, მარტო პ.ზაქარეიშვილის გახსენება რად ღირს, თავისი განუმეორებელი “ლოგიკური მსჯელობით” და სხვებიც! თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი ახალი მინისტრი და მისი გუნდის წევრი, ახლიდან იწყებდა კონფლიქტების გარემოებების შესწავლას!? ამასობაში, დრო უმოწყალოდ გარბოდა, ასე გავიდა 24 წელიწადი და არც ერთი საქართველოში არსებული კონფლიქტი არ და ვერ მოგვარდა!…

დიახ, ამ კონფლიქტების “მეშვეობით”, არა ერთი ქართველი ე.წ. ექსპერტ-კონფლიქტოლოგი “დაფრთიანდა” და მსოფლიო “შემოიარა”, არადა, სანამ “კონფლიქტოლოგები გახდებოდნენ”, მანამ ისინი, დასავლეთით ბათუმს “არ გასცილებიან” და აღმოსავლეთით ლაგოდეხს (რაც “კონფლიქტოლოგები გახდნენ”, მას მერე “თავს იფასებენ”!)!.. ჰოდა, ეს ბატონები და ქალბატონები, რომლებიც წელიწადში ათჯერ, ოცჯერ და მეტჯერ, ევროპა-ამერიკაში მოგზაურობენ (სახელმწიფოს ხარჯზე!) “თემატურ” კონფერენციებზე, გამომდინარე აქედან, უკაცრავად და ჩნდება ერთი უხერხული კითხვა – რამდენად არიან ისინი მოტივირებულები ჩვენი კონფლიქტების “დროულ და საბოლოო” მოგვარებაში?! რადგანაც, დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც კონფლიქტები გადაწყდება, ჩვენი “კონფლიქტოლოგები” უმუშევართა მრავალრიცხოვან რიგებს შეუერთდებიან!..

პ.ს. განვლილი ოცწლეულის ანალიზის შედეგად დასკვნა ასეთია, – ჩვენი მტერი იყოს ქართველი “კონფლიქტოლოგების” იმედად!!!