თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება.

მისი განცხადებით, რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

„ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა და ის ფაქტი, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღებზე დღითიდღე იზრდება, ადასტურებს ჩვენ მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული თუ მეთოდოლოგიური მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტურობას,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

ამასთან, თორდინავა ამბობ, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული ხასიათის პრობლემები, როგორიც გასულ წელს იყო, ამ წელს არ იქნება და სისტემა გამართულად იმუშავებს.

როგორ  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს,  წელს რეგისტრაციის გავლას თბილისში მცხოვრები (და რეგისტრირებული) 13 ათასი ბავშვი შეძლებს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე თბილისში 166 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც 60 ათასამდე სკოლამდე აღზრდის ბავშვი სწავლობს. ამასთან, სექტემბერში 5 ახალი ბაგა-ბაღის გახსნაა დაგეგმილი.