ძალაუფლება რყვნის, დაუსჯელობის სინდრომი კი უფრო ათავხედებს კლანებს…

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

ტერმინი „არაფორმალური მმართველობა“ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამწუხაროდ ლიტონი სიტყვებია და აუცილებელია მისი დეტალური განმარტება, ოღონდ მათთვისვე გასაგებ ენაზე. რამეთუ, ამ მოქალაქეთათვის პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა აქვს პრემიერმინისტრია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, თუ შუშის კოლბაში მცხოვრები ძალიან მდიდარი ადამიანი?! მათ იციან, რომ ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და სულაც არ აინტერესებთ მისი სტატუსი ანუ, ამ ადამიანებს არ ესმით ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. რითი ჯობია ასეთი მოდელი ფეოდალურ, ავტოკრატიულ მმართველობას, რომელსაც რუსეთში თვითმპყრობელობას უწოდებენ? როგორ იცავს ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობის მოდელი რიგით მოქალაქეს და ქვეყნის სახელმწიფოებრიობას? რას ნიშნავს ხელისუფლების წყარო და რატომ უნდა ეკუთვნოდეს ის ხალხს და არა ერთ, თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს? რითი ჯობია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თვითმპყრობელის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრას და რატომ არის დემოკრატიულ ქვეყნებში რიგითი მოქალაქე დაცული და მატერიალურად უზრუნველყოფილი? ხოლო, ავტორიტარულ სახელმწიფოებში დაცული და მდიდარია მხოლოდ თვითმპყრობელის კარის რჩეულია.

ყოველივე ეს ძალიან დიდი თემაა. თუმცა, სიდიდისგან გამოწვეულ სირთულეზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ის მეთოდი, ის ენა, რომლითაც ჭეშმარიტება უნდა მივიტანოთ იმ მოქალაქემდე, ვისაც დღეს ყოველივე ეს არ ესმის, ან არც კი აინტერესებს. რომელთა მომავალი დამოკიდებულია სწორი ფასეულობების არჩევაზე და მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების მტკიცედ ჩამოყალიბებაზე. თუმცა, აქვე უნდა დავძინო, რომ ჩვენი მომავალიც ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრაზეა დამოკიდებული. რამე თუ, არჩევნებზე ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის ხმას  ერთი და იგივე წონა აქვს – ერთი მოქალაქე ერთი ხმა.

ახლა კი, შევეცდები ძალიან მარტივად და მაგალითებით ავხსნა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის დამღუპველი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა:

პირველ რიგში იმით, რომ მთელი ხელისუფლება კონცენტრირებულია ერთი პიროვნების ხელში, რომელიც კანონს ზემოთ დგას და არაფრითაა შეზღუდული. აღარ არსებობს მისი დამაბალანსებელი ძალა. ივანიშვილის ძალაუფლება შეუზღუდავი გახდა. აქსიომაა, რომ ძალაუფლება რყვნის, თუ ის არ ექვემდებარება კონტროლს, არ მოქმედებს კანონით განსაზღვრული დერეფნის ფარგლებში და არ ახლავს ხალხის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება. განუსაზღვრელი ძალაუფლება კი რყვნის განუსაზღვრელად.  ხოლო, ის თუ რას იწვევს  ამგვარი მოდელის არსებობა, ნათლად დაგვანახა აფგან მუხტარლის ქვეყნიდან გატაცების სრულიად ამაზრზენმა ისტორიამ. მოდით ჩაუღრმავდეთ ამ ფაქტს. სამწუხაროდ მედია ნაკლებად საუბრობს მომხდარის იმ ვერსიაზე, რომელსაც მოისმენ ნებისმიერ ბაზარში, ტრანსპორტში, ან მოქალაქეთა თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. ჩემი აზრით კი ზუსტად ეს ვერსიაა ყველაზე რეალური: ამ ისტორიაში საქართველოს მხრიდან საკვანძო ფიგურა არის ფეოდალის საყვარელი დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი. ხოლო, აზერბაიჯანული მხრიდან, ალიევის კარზე ყველაზე „შინაური“ პიროვნება, რომელსაც ამჟამად, თუ არ ვცდები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა უწყების ხელმძღვანელის პოსტი უკავია. ფაქტიურად რანგითა და სტატუსით ერთი და იგივე ფასის მქონე ორი პიროვნების მსხვერპლი გახდა როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსება. რამე თუ, ორივე ქვეყანაში ფაქტიურად ფეოდალური მმართველობაა. ოღონდ საქართველოში კიდევ უფრო მძიმე ფორმით. ჩვენთან ალიევისგან განსხვავებით, ივანიშვილს არანაირი პოსტი არ უკავია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ფორმალურად არიდებული აქვს. ამიტომ, ამ ორმა დაახლოებით იდენტურმა გარემომ შექმნა ეს ორი ერთნაირი მენტალობის მატარებელი პიროვნება. რომლებსაც მენტალური ერთობის გარდა როგორც ამბობენ ძალიან მსხვილი ბიზნეს ინტერესები აკავშირებთ. არავინ იცის რა კონკრეტული მოტივაცია ამოძრავებდა აზერბაიჯანელ „მამაცაშვილს“ მაგრამ, როგორც ხალხი ამბობს, ზუსტად მან სთხოვა უჩას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ამანათივით მირთმევა. ჰო და ზუსტად აქ ამოქმედდა არაფორმალური მმართველობის მოდელი და თავი იჩინა ყველაზე ამაზრზენი სახით – ამბობენ, უჩას პირადად გაუცია ბრძანება შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურის მთავარი შემსრულებელი პირებისთვის და მოხდა ის რაც მოხდა. ანუ, ქვეყანაში აღარ არსებობს ამგვარი კრიმინალური გადაწყვეტილებებისგან დამცავი ინსტიტუციური მექანიზმი. ხელისუფლებაში შექმნილი კრიმინალური კასტა ნებისმიერი კანონის ზემოთ დგას და პასუხისგების არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. იმიტომ, რომ ისინი ხალხის წინაშე კი არა, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ბიძინა კი საყვარელ დეიდაშვილს „კუდს არ მოჭრის“. აქედან გამომდინარე, დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო ათავხედებს ამ კრიმინალურ კლანს. სამაგიეროდ, საქართველოს მოჭრეს თავი და აჰყარეს ღირსება. ყოველივე ამას მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივყავართ: მნიშვნელობა არა აქვს კანონ მორჩილი მოქალაქე ვარ თუ არა. მნიშვნელობა არა აქვს საქართველოს მოქალაქე ვარ თუ არა. საკმარისია ნებისმიერი ჩვენთაგანის კანონიერი ინტერესები უარყოფით კონტექსტში გადაიკვეთოს ივანიშვილის კლანის ინტერესებთან, რომ ჩვენი სიცოცხლის ფასიც კი ნოლის ტოლი გახდება. უნდა გავიგოთ, რომ ამ კრიმინალურმა კლანმა უკვე დაკარგა მუხრუჭები. იმიტომ, რომ ისინი კანონის ზემოთ დადგნენ და აღარაფრით არიან შეზღუდულები. აი ზუსტად ამას ქვია განუკითხაობა და გამოწვეულია განუსაზღვრელი, შეუზღუდავი ძალაუფლებით. რისი წყაროც ზუსტად არაფორმალური მმართველობის მოდელია, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს. საქართველოში ხელისუფლების უზურპაციის ფაქტი უკვე შემდგარია.

ახლავე ვამბობ, რომ ეს კრიმინალური კლანი სისხლის ღვრასაც არ მოერიდება, თუ მოახლოებულ არჩევნებში მათ ძალაუფლებას რამე საფრთხე დაემუქრა?ამ კრიმინალური ქმედებების მთავარი სტიმულატორი კი ბიძინა ივანიშვილის მართვის მთავარი მეთოდია: ბიძინამ ძალიან კარგად იცის, რომ მის გარშემო შეკრებილ მედროვეებს ერთგულებას ვერ მოსთხოვს. იმიტომ, რომ მათ არანაირი ღირსეული ფასეულობა არ გააჩნიათ. იმიტომაც არიან მედროვეები. შესაბამისად, მთავარია ისე გასვარო ეს გარემოცვა სიბინძურეში და კრიმინალში, რომ თითოეული მათგანი ძალიან მკაფიოდ აცნობიერებდეს შემდეგს: თუ აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი, მაშინ თითოეული მათგანი გარდაუვლად „მატროსოვის“ ციხის ბინადარი გახდება. ანუ, დაუოკებელი შიშის დანერგვა ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მმართველობის მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, რაც უფრო დამძიმდება ვითარება ბიძინა ივანიშვილის მმართველობისთვის მით უფრო შეეცდება ის, გაზარდოს ამ შიშის ხარისხი საკუთარ გარემოცვაში. ეს კი ნიშნავს მხოლოდ ერთს – ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს და კრიმინალური ქმედებების კიდევ უფრო მძიმე ფორმებს.