შრომისა და სოციალური დაცვის სისტემის დახვეწის პროცესში გათვალისწინებული ძირითადი პრინციპები

შრომისა და სოციალური დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ორი დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს და შეაჯამეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომის და სოციალური დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგმა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების და წინადადებების მაქსიმალური გათვალისწინებით მომზადდა. აკაკი ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტში მაქსიმალურად რეალისტური ამოცანები გაიწერება.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტებმა – ნათია ფარცხალაძემ და აკაკი ლოჩოშვილმა ისაუბრეს. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ამოცანა ქვეყანაში შრომის და სოციალური დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა, რომელიც, მათი თქმით, კომიტეტისთვის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაედება საფუძვლად.

ნათია ფარცხალაძემ და აკაკი ლოჩოშვილმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მოახდენს სტრატეგიაში გაწერილი საკითხების საკანონმდებლო უზრუნველყოფას, ასევე, პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და გამჭვირვალობას.

შრომის და სოციალური დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგის მიდგომები დამსწრეებს ნათია ფარცხალაძემ გააცნო. მისი განმარტებით, დოკუმენტი ეფუძნება დეფინიციას, რომლის თანახმად, სოციალური დაცვა სახელმწიფო და კერძო პოლიტიკისა და პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოებაში არსებული სოციალური რისკების პრევენციას ახდენს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სოციალური დაცვის სისტემა, რისკების შემცირებასთან ერთად, ახდენდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და სოციალურად დაუცველი პირების დაცვასა და გაძლიერებას.
ნათია ფარცხალაძის განცხადებით, შრომისა და სოციალური დაცვის სისტემის დახვეწის პროცესში გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • ინკლუზიურობის უზრუნველყოფა
  • კრიზისზე პასუხი
  • პროდუქტიულობის გაზრდა
  • სისტემური მიდგომა

რაც შეეხება სტრატეგიის პრიორიტეტებს – ექსპერტის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტია დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების გაზრდა. ნათია ფარცხალაძემ განმარტა, რომ ერთ-ერთი ამოცანაა შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლების რატიფიცირება. ასევე, უნდა შეიქმნას და განვითარდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების შესწავლაზე, ტერიტორიულ ჭრილში ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრაზე, შრომის ბაზრის მონიტორინგზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობასა და განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებაზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცოდნაზე მოთხოვნილებების ფორმირება და ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპების კონცეფციის მიღება და დანერგვა. დაწესდეს სავალდებულო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გაზრდილი სტანდარტების და დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის. აქვე, ნათია ფარცხალაძემ დამსწრეებს რეკომენდაციაც გააცნო – დაწესდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სხვა კერძო სუბიექტებისთვის და დაიხვეწოს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინსტიტუციური მექანიზმები.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დამსწრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს შრომის ინსპექტირების მნიშვნელობა. როგორც პრიორიტეტების ერთ-ერთ ამოცანაშია მოცემული, შრომის ინსპექტირების მექანიზმის საზედამხედველო მანდატი უნდა გაფართოვდეს და მისი უფლებამოსილება უნდა გავრცელდეს შრომითი პირობებისა და შრომის უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხების სრულ სპექტრზე.

კიდევ ერთ პრიორიტეტად, ექსპერტებმა ხანდაზმულთა სოციალური დაცვის და ასაკობრივი პენსიის სისტემის დახვეწა დაასახელეს. გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტთა განცხადებით, ხედვაში შინ მოვლის განვითარების საჭიროება აისახება. ნათია ფარცხალაძის თქმით, ხანდაზმულთათვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის დაინერგება ხანგრძლივი მოვლის, მათ შორის, შინ მოვლის სახელმწიფო პროგრამები და სხვა თემზე დაფუძნებული მომსახურებები. გადაიხედება სახელმწიფო დაფინანსების კრიტერიუმები, რაც ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა დამოუკიდებლობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალიზების პრევენციას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, თანადაფინანსების საკითხი კრიტერიუმებს უნდა მიებას. კომიტეტის წევრის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ასეთი სერვისები საჭიროა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა სოციალური დაცვის სფეროში.
გეგმაში გაწერილი ამოცანის მიხედვით, უნდა დაწესდეს სავალდებულო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გაზრდილი სტანდარტების და დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ დასაქმებულის სავალდებულო დაზღვევა გაიწეროს კერძო დაწესებულებებისთვისაც.

შრომის და სოციალური დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხანდაზმულთა სოციალური დაცვის და ასაკობრივი პენსიის სისტემის დახვეწაა. როგორც ნათია ფარცხალაძემ აღნიშნა, ღირსეული ხანდაზმულობის უზრუნველყოფა მდგარდი საპენსიო სისტემის დანერგვას მოითხოვს. შეხვედრაზე საპენსიო სისტემის შერეულ მოდელზე და მის დასანერგად საჭირო ინფრასტრუქტურის და საკანონმდებლო ბაზის შესახებ იმსჯელეს. ერთ-ერთი ამოცანის მიხედვით, ეტაპობრივად დაინერგება საპენსიო სისტემის შერეული მოდელი, რომელიც სოციალური და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემების ერთდროული ფუნქციონირებით და საპენსიო ჩანაცვლების კოეფიციენტის გაზრდით, უზრუნველყოფს სისტემის მეტ მდგრადობას და საპენსიო სისტემაში ჩართულ პირთა გაზრდილ კეთილდღეობას. აღინიშნა ხანდაზმულთა შრომითი პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობის მნიშვნელობაც.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან საპენსიო სისტემის რეფორმის დაწყებაა დაგეგმილი და ამისთვის შესაბამისი მზადება მიმდინარეობს. შეხვედრაზე იმსჯელეს ინდექსაციის შესახებაც და აღნიშნეს, რომ უმჯობესია აქცენტი დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გაკეთდეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაიმართება.

თემზე დაფუძნებული მომსახურებების და სოციალური მუშაკის როლის გაძლიერებაზე საუბრისას, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ თემზე დაფუძნებული ხარისხიანი მომსახურებები მოწყვლად ჯგუფებში სოციალური პრობლემების პრევენციას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და რეზიდენტულ მომსახურებებზე მოთხოვნისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

ნათია ფარცხალაძის თქმით, შეხვედრებზე გამოთქმული ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, საცხოვრისის პოლიტიკა ცალკე პრიორიტეტად უნდა გამოიყოს. აქვე, აღინიშნა, რომ საცხოვრისის პოლიტიკის წარმოებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია სათემო სერვისების განვითარება. აკაკი ზოიძის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საერთო რეგულირებასა და მონიტორინგის სისტემის შექმნაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლზეც.

აღინიშნა, რომ ერთერთი ამოცანაა არალიცენზირებული რეზიდენტული მომსახურებების საქმიანობა; ასევე, მოხდება დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების სრული დეინსტიტუციონალიზაცია,

სოციალური მუშაკების საკითხის განხილვისას, ექსპერტმა ნათია ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკის მომსახურების გარეშე, სოციალური დაცვის სისტემა ეფექტური ვერ იქნება და მნიშვნელოვანია, მისი მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ ამოცანად, გაწერილია, რომ სოციალური მუშაკების მომსახურების მომსახურების მაღალი ხარისხის და მომსახურების მიმღებთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემუშავდება და ეტაპობრივად დაინერგება პროფესიის მარეგულირებელი ჩარჩო და ერთიანი პროფესიული სტანდარტები. შედეგად, უშუალო პრაქტიკის განხორციელების უფლება მიეცემათ მხოლოდ აკადემიური კვალიფიკაციის პროფესიონალებს.

ექსპერტების თქმით, კიდევ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია სოციალური დაცვის სისტემის ბავშვზე და ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირება. ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, მიღებული იქნება ეფექტური ზომები და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებს და მათ ოჯახებს მიენიჭებათ მაღალი პრიორიტეტი დახმარებისა და ინტეგრირებული მომსახურების მიწოდებაში. გარდა ამისა, ამოცანის თანახმად, გაიზრდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების გადაუდებელი და გრძელვადიანი დახმარების სახელმწიფო მექანიზმები.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიას, ამოცანებში გაწერილია, რომ დაინერგება შშმ პირთა და მათ არაფორმალურ მომვლელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური მომსახურებები, მოხდება მათი სტანდარტიზება და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

დამსწრეებმა ისაუბრეს ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შესახებაც. იმსჯელეს სერვისების, მათ შორის, საგანმანათლებლო კომპონენტის ცალკე პრიორიტეტად გამოტანის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესახებ, ასევე, ელექტრონული მონაცემების ბაზის საჭიროებაზე.

კიდევ ერთ პრიორიტეტად ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე სოციალური დაცვის სისტემის დახვეწა დასახელდა. ნათია ფარცხალაძის თქმით, აუცილებელია, მიზნობრივი სოციალური დახმარების და სხვა ფრაგმენტული პროგრამების გამოყენებიდან, პრევენციაზე მიმართული სოციალური დაცვის სისტემური მიდგომის დანერგვაზე გადასვლა. ამ კონტექსტში, ექსპერტმა ადგილობრივი ხელისუფლების როლის გააქტიურება აღნიშნა.
ვგეგმავთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომ გარკვეული დამზღვევის როლი ჰქონდეს ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების კუთხით, თვითმმართველობას. ანუ, მას თანხის გარკვეული პროცენტი გადაეცეს ვალდებულებასთან ერთადადგილობრივ თვითმმართველობას გადავცემთ თანხის რაღაც პროცენტს და ვაძლევთ უფლებას, რომ გარკვეული კრიტერიუმებით, გამონაკლისის წესით, დაუნიშნონ სოციალური დახმარება გამჭვირვალე მექანიზმით“,– აღნიშნა საკითხზე მსჯელობისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საბაზისო სოციალური პაკეტი და სოციალური პოლიტიკის მართვის საკითხებიც.

ჩვენ აქ ავსახავთ ძირითადი ამოცანებს იმისთვის, რომ გვქონდეს ორიენტირი, საით მივდივართ. სწორედ ესაა, ამ ხედვის დოკუმენტის ძირითადი დანიშნულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მაქსიმალურად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებებისგან“,– განაცხადა აკაკი ზოიძემ.