კლდოვანი ქანების გამოთხრამ გზა დაბზარა და საცალფეხო ბილიკად გადააქცია

თბილისში უბანი კი არა, ცოტა ხანში კვადრატული მეტრი მიწის ფართი არ დარჩება თავისუფალი, სოკოებივით მომრავლებულმა სამშენებლო კომპანიებმა ახალი საცხოვრებელი კორპუსი რომ არ წამოჭიმონ. წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მშენებლობების ბუმი  მოქმედ მთავრობაში  პიკს უკვე დიდი ხანია გასცდა, თუმცა  ეს სფერო  ფულის კეთების იმდენად  მარტივი და მაცდური საშუალება აღმოჩნდა, ძნელია უარი თქვა, მით უფრო თუ ხელისუფლება ხელს გიმართავს და არად აგდებს არც ქალაქის იერსახის დამახინჯებას და არც ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების დაცვას.

თბილისის ერთ-ერთ უბანში, ვაშლიჯვარში სამშენებლო  მძიმე ტექნიკა ამ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და გზის პირას აღმართული კლდის ნგრევას დიდი  მონდომებით შეუდგა.როგორც აქაური მაცხოვრებლები ამბობენ, ამ პატარა, კორპუსისთვის მართლაც შეუფერებელ ადგილას  კლდის გამოთხრა რომ დაიწყეს, ყველას ეგონა მარკეტი ან რამე მცირე ზომის  შენობა-ნაგებობა აშენდებოდა, თუმცა, როდესაც კორპუსის სარეკლამო დაფა გამოჩნდა და თბილისის მერიის ნებართვის დამადასტურებელი  აბრაც გაჩნდა, ყველა მიხვდა, რომ  საცხოვრებელი კორპუსის აშენება ინება მავანმა.

კლდოვანი ქანების მონდომებით გამოთხრამ  ახლოსმდებარე გზის დაბზარვა გამოიწვია. გზა კი საცალფეხო ბილიკად გადაიქცა, რომლითაც დღემდე  ზედა კორპუსების  მოსახლეობა სარგებლობს.  კლდის თავზე ავტოფარეხებია გაშენებული.  ადგილობრივები შიშობენ, რომ კლდის ქანების დაშლის შემდეგ წლების წინ, რამდენიმე მეტრში აშენებულ კორპუსებს საყრდენი არ გამოეცალოს.

თუ თბილისელმა რიგითმა მაცხოვრებელმა აივნის გაფართოება მოინდომა, მერიაში ისეთ აბსურდულ  დოკუმენტაციის შეგროვებას ითხოვენ, მსურველი იძულებული ხდება  ხელი აიღოსთავის განზრახვაზე.  ხშირ შემთხვევაში  ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის იერსახის დამახინჯების მიზეზით არც კი განიხილავს მოქალაქეების განაცხადს და არაერთ თბილისელს ისტუმრებს უკან.  სამაგიეროდ სამშენებლო კომპანიებისთვის მშენებლობის უფლებას ისეთ ადგილას გასცემენ, არც მოსახლეობის ინტერესებში რომ არ შედის და თბილისის იერსახესაც ერთიორად ამახინჯებს.