ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება

სახელმწიფო თანამდებობის პირების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის საკითხის შესახებ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის მიერ სახელმწიფო თანამდებობის პირების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის საკითხის შესახებ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი იზიარებს  მიდგომას, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები კვალიფიციური უმრავლესობით უნდა იყვნენ არჩეულნი, თუმცა, გასათვალისწინებელია ადგილობრივი სპეციფიკაც.

„ეს რეკომენდაცია არის საკმაოდ რბილი ფორმით ჩამოყალიბებული და ამას აქვს თავისი მიზეზი. ჩვენ გვქონდა  წინასწარი კონსულტაციები. ვენეციის კომისიის განწყობა ვიცოდით. ბუნებრივია,  ვიზიარებთ ზოგად მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია, ასეთი თანამდებობის პირები კვალიფიციური უმრავლესობით იყვნენ არჩეული, რომ რაც შეიძლება,  ფართო კონსესუსით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად  გასათვალისწინებელია ადგილობრივი სპეციფიკა.  გვახსოვს, მაგალითად, რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით. რეკომენდაცია  ჩამოყალიბებულია  შემოთავაზების ფორმით და  მინიშნება გაკეთებულია იმაზე, რომ სასურველია, ასეთი თანამდებობის პირები იყვნენ არჩეული კვალიფიციური უმრავლესობის წესით. ამ საკითხზე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ,  აქაც გვექნება ერთობლივი მოსაზრება“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.