ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია თბილისში ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა

1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრად გადაიქცევა. თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მსოფლიოში უსაფრთხოების უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთოს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ყოვლისმომცველი და ისტორიული „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ყოველწლიური სესია ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა – 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქართველო კი  დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს ზეიმობს.

 

კომენტარის დატოვება