“მარშიროვკების მოლოდინში ყველას თვალი “პლეხანოვისკენ” მიუპყრია…”

კონსტანტინე გამსახურდია

საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა ამ თემაზე და მარშიროვკების მოლოდინში ყველას თვალი “პლეხანოვისკენ” მიუპყრია.

არაერთხელ მომიწია თქმა, რომ ქვეყანას არა აქვს საემიგრაციო პოლიტიკა და არც დახვეწილი კანონმდებლობა. დავიწყებ იმით, რომ დავეთანხმები ბილ გეიტსის გამონათქვამს – კეთილშობილება ერთია და მეორეა, რომ ევროპა, მისი ცივილიზაცია შესაძლოა პირდაპირი გაგებით წაილეკონ ლტოლვილთა უკონტროლო და მზარდი ნაკადებით. აქვე დავამატებდი: მასთან ასოცირებული ქვეყნებიც.

ეს ნაკადები უკვე მოედინება განვითარებადი ან განუვითარებელი ქვეყნებიდან, სადაც მძვინვარებს ომები, დიქტატორულ-კრიმინალური სიტუაციები და უკიდურესი გაჭირვება. მე მაგალითად მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში იმყოფებიან ერაყის დამხობილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დაცვის წევრები.

ქვეყანას უნდა ყავდეს არამარტო დევნილთა თუ ლტოლვილთა სამინისტრო, არამედ უცხოელთა პოლიცია. ტურისტული ვიზის მახლობლად უნდა არსებობდეს ლტოლვილის სტატუსი და სამუშაო ვიზა. სამინისტროსთან უნდა არსებობდეს უცხოელთა ტრიბუნალი, სადაც გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და ეფექტურად, ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ლტოლვილობის კანდიდატებს უნდა ჩამოერთვათ ორი ინტერვიუ. შესაბამისად უნდა არსებობდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ქმედითი მექანიზმები, მაგალითად სამშობლოში დეპორტაცია ან მესამე ქვეყანაში გაშვება.

– ლტოლვილის სტატუსი უნდა მიიღოს ადამიანმა ინდივიდუალური პოლიტიკური დევნის შემთხვევაში და ეს უნდა დოკუმენტურად დაასაბუთოს. აქ მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს ეკონომიკური გაჭირვება მათ სამშობლოში, არამედ მხოლოდ ინდივიდუალური დევნა. ეს სტუმართმოყვარეობის წესია და ღირსების კოდექსის შემადგენელი. ასევე უნდა შეიქმნას გასაჩივრების ცალკე ტრიბუნალი – თუკი ლტოლვილობის კანდიდატი ჩათვლის, რომ ქართული სახელმწიფო მას უსამართლოდ მოექცა.

– სამუშაო ვიზის გაცემა უცხოელზე ასევე ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს, გამომდინარე იმ რეალური ინვესტიციიდან, რასაც ესა თუ ის პირი გვთავაზობს და ასევე იმ ადამიანური უნარებიდან, რომელიც ქართულ ბაზარზე იშვიათია.

– სახელმწიფო უწყებას უნდა გააჩნდეს ერთიანი საინფორმაციო ბანკი, სადაც აღნუსხული იქნება ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი ყველა უცხოელი, ცხადია ხელის ანაბეჭდებით და ცნობილი უნდა იყოს სტატუსიც და მოტივაციაც, თუ რატომ იმყოფება იგი აქ. ასევე უნდა შეიქმნას შესაკრებელი ცენტრი არალეგალებისთვის, თუკი მათ აქა-იქ აღმოაჩენენ, სადაც ისინი უნდა დაელოდონ სათანადო გადაწყვეტილებას უწყებების მხრიდან.

თუ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, საშინელების წინაშე დავდგებით.