“პოლიციელებს დაუკრეს ტაში, ბატონო ირაკლი, და მიუხედავად თქვენი უუნარობისა, თქვენც დაგიკრავდნენ…”

“ასე ყველა თემით სპეკულირება მე ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ერთგვარი შეურაცხყოფაც კია “- ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას:

“დღეს ვუყურებდი ქართულ დროშას “შნურუკივით” როგორ აკრავდნენ რაღაც ბანერს და არ არის ეს ნორმალური ქცევა. ქალბატონი ელისო კილაძე გამოდიოდა და იძახდა, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულიაო, თითქოს არავინ არ იცის და ქალბატონმა ელისომ რუსთავი 2-დან ბრძანა ეს და ტრამპმა ჩანაწერი გააკეთა ” განაცხადა სესიაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

სესიაშვილის თქმით, ის ვერ ხედავს გულწრფელობას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დღეს აქციაზე იყვნენ. მისი განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეების დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის აქტივია

სესიაშვილს სოციალური ქსელით პასუხი გასცა აქციის ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ.

-ბატონო ირაკლი, სესიაშვილო და სხვებო: თქვენგან განსხვავებით, მე ეჭვი არ მეპარება ამ ხალხის გულწრფელობაში, მე მათთან ერთად მიხაროდა, რომ ბევრნი ვიყავით და მტკიოდა, რაც ხდება… მათ პოლიციელებს დაუკრეს ტაში, ბატონო ირაკლი და, მიუხედავად თქვენი უუნარობისა, თქვენც დაგიკრავდნენ, ერთი ადგილი რომ აგეწიათ და მობრძანებულიყავით…