კვირიკაშვილი: „საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ორი ერის მეგობრობის ისტორია 2 600 წელს ითვლის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშკარაა უაღრესად პოზიტიური განწყობაქართველებს შორის და სენტიმენტები ებრაელთა მიმართ. მისი თქმით,  ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში.

„ ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი ვიზიტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობა. შემოდგომაზე კი ჩვენ ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რათა განვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება. ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან. საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება რუვენ რივლინმაც. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს.

“ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც არის საკმაოდ დიდი ებრაული დიასპორა. ჩვენს ერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. საქართველოდან ისრაელში და, პირიქით, ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად 150 000 ტურისტი მოგზაურობს. ეს კავშირები ჩვენ ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ მიზნით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი ურთიერთობების გაფართოებას. თქვენი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რადგანაც ის ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების დიდ სურვილსა და მზადყოფნას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება”, – მიმართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

გაფართოებულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.