პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში აგრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაცია იყო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და რეგიონის ე.წ. მთავრობისთვის მიცემული დაპირებები, რეგიონში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირების დაცინვის ტოლფასია.

თენგიზ ფხალაძის აზრით, პუტინის ვიზიტის მიზანი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაცია იყო.

„პუტინის ვიზიტის მიზანი იყო, რომ რამენაირად მოეხდინა ლეგიტიმაცია იმ ქმედებების, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, მე კიდევ ვამბობ, რომ ამის ლეგიტიმაცია არის შეუძლებელი. სასაცილოა, რა დახმარებაზე არის საუბარი, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ხალხი არის გაუბედურებული და ამ დროს, როდესაც მათ ეუბნები, რომ ოკუპანტი გაგიწევს დახმარებას, ეს არის დაცინვა იმ მოსახლეობის,“ – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარსაც გამოეხმაურა. აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამის თაობაზე სატელეფონო საუბარი პოროშენკოსა და გიორგი მარგველაშვილს შორის გაიმართა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზარის ინიციატორი უკრაინის პრეზიდენტი იყო.