„ჩუმლაყში ბირჟაზე ჭორის დონეზე დადის ცემის ამბავი, ამიტომ უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ…“

სოციალურ ქსელში საზოგადოება „ივერიის“ წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა დავით ნებიერიძემ გაავრცელა პოსტი, რომელიც შემდეგ სააგენტოებზე გავრცელდა.

-„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კახეთში გაურკვეველი სპეც რაზმი ნიღბებითა, სპეციალური, შესაბამისი ტრანსპორტითა და აღჭურვილობით ფიზიკურად უსწორდება ატამზე მომუშავე სხვა და სხვა ბიზნეს ჯგუფებს. თავდასხმები ხდება დღისით მზისით, ამ მოვაჭრეთა თავშეყრის ადგილებში. უმოწყალოდაა დარბეული და ნაცემი უამრავი ადამიანი. მიმდინარეობს ბიზნეს ინტერესების კრიმინალური გზით გატარება და ხალხის თქმით თავდამსხმელები ძალოვანთა სტრუქტურებიდან არია. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და ხალხი დაშინებულია“-წერს ნებიერიძე.

პოსტს რომ გადავხედეთ საკმაოდ ბევრი კომენტარი აქვს, რა თქმა უნდა საზოგადოების აზრი აქაც გაიყო.

ერთ-ერთი ასეთი კომენტარიც შეგვხვდა:

-„ფაშისტო…, რა უაზრო სისულელეს ავრცელებ? დაასახელე პუნქტი სადაც დააფიქსირე..!!, რაიონი, ქალაქი, სოფელი, დაასახელე!!!!“

საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა რელურად, ბუნებრივია ჩვენც შევეცადეთ არსებული მდგომარეობის დეტალების გარკვევას, გვირჩიეს  ლაშა ქუსიკაშვილს დაუკავშირდითო და ჩვენს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მას ვთხოვეთ, თუმცა თავადაც გაუკვირდა-მე რატომ მიკავშრდებითო.

-„ჩუმლაყში ვიყავი წინა კვირას და მაშინ გავიგე ეგ ამბავი. მანამდე და მას შემდეგ არ ვყოფილვარ. მე რატომ მიკავშირდებით  არ ვიცი. ალბათ სოფელი რომ მაქვს ჩუმლაყში, იმიტომ გირჩიეს, მაგრამ მანდ რომ გასასტატუსებელი ყოფილიყო რამე, თავად გავასტატუსებდი.

-და რაო, ჩუმლაყში რას ამბობენ?

-ვიყავი ჩასული ჩუმლაყში, ვიკითხე ადამიანი, ახლა კარგად არისო-მითხრეს, რა ჭირდა-თქო ვიკითხე და ატმის მაკლერები იდგნენ ბირჟაზეო, (ატმის ჩაბარებაზე შუამავლობენ გლეხებს და წილში უჯდებიან) მოვიდა სამი მანქანა უცხო ხალხი, ორგანიზებული ჯგუფი იყოო, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ულაპარაკოდ დაუწყეს ცემა-ტყეპა მაკლერებსო. მაგრად ცემესო. ისევ ულაპარაკოდ ჩასხდნენ და წავიდნენო, ზოგმა ნიღბიანები იყვნენო, ზოგმა არ ვიცი, ვინ იყვნენ და რა უნდოდათო… მონათხრობიდან ჯანიანი ბიჭები იყვნენ და საკმაოდ ორგანიზებულებიცო. ასე 20 დღის ამბავია. ნაცემები საეჭვო რეპუტაციის ხალხია, მოშავო მოძველბიჭო სასტავი, ამიტომ ხმას არავინ იღებს და არც ამოიღებს. არც სოფელი დაუდგება მხარში იმიტომ, რომ ატამზე მაგათი ჩალიჩი ცუდად მოქმედებს ყველაზე. მოშავო მოძველბიჭო სასტავი ცემესთქო, რომ ვთქვი, დანამდვილებით არ ვიცი რა სასტავი ცემეს, უბრალოდ ატმის მაკლერობით მასეთი ხალხია ხოლმე დაკავებული. შეიძლება ისეთსაც მოხვდა, არც შავი რომ არ არის და არც ძველი ბიჭი.

-ჩუმლაყი რომელ რაიონს ეკუთვნის?

-გურჯაანის რაიონის სოფელია. როგორც გითხარით მეც გვიან გავიგე ეგ ამბავი და ფაქტიურად ბირჟაზე ჭორის დონეზე დადის, ამიტომ უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ.