ენმ მღებრიშვილის ხმის ექსპერტიზასა და მინისტრის გადადგომას ითხოვს

რუსი ინტერნეტმასხარების – ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) – მტკიცებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრნენ. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა და სტენოგრამაც გამოაქვეყნა. Страна.ua წერს, რომ პრანკერებმა გიორგი მღებრიშვილთან მიმოწერაც წარმოადგინეს, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიხეილ სააკაშვილზე მოლაპარაკებების დეტალებს აზუსტებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხმის ექსპერტიზასა და მინისტრის გადადგომას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

“ჩვენ დაუყონებლივ ექსპერტიზას მოვითხოვთ, რომ შემოწმდეს მღებრიშვილის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ხმის ავთენტურობა, მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს და ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს სააკაშვილის მიმართ. ჭიკაიძე ჩვენს სარდაფებში საბურავებს რომ ეძებდა, მდინარაძისთვის და წულუკიანისთვის სერიოზული საქმე იყო და მათი შს მინისტრი პირდაპირ ადასტურებს, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს მათთვის არ არის სერიოზული საკითხი,”- ამბობს ბოკუჩავა.