ნილს სკოტი ბორჯომში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა

გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ბორჯომში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა. ნილს სკოტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სტიქიის შესახებ პირველივე წუთებიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფორმირებული იყო გაეროს ჟენევისა და თბილისის ოფისები.

,,გაეროს მოსაზრებით, დღეს მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება – პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა. ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას თვალშისაცემია ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან.

გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა გატარებული“- განაცხადა ნილს სკოტმა.