მიხეილ სააკაშვილს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივიან

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივიან.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიევის რაიონულ სასამართლოში ოთხი სარჩელია შეტანილი. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელმა რომან ნასიროვმა, ასევე უმაღლესი რადას დეპუტატებმა, ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ წევრებმა სერგეი პაშინსკიმ და ანდრეი ივანჩუკმა.
კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში განიხილავს.

2016 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელი რომან ნასიროვი კორუფციაში და რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა.
რეფორმების დაბრკოლებაში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრსაც დასდო ბრალი. 2015 წლის დეკემბერში ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და არსენ ავაკოვს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.