“20/30“-ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ

“საზოგადოება 20/30“-ის სპეციალური განცხადება

29 სექტემბერს, „საზოგადოება 20/30“-მა გაავრცელა შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კერძოდ, ისინი „საზოგადოება 20/30“-ის ამ შეფასებას წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მოძრობას, სადაც გაერთიანებულები არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წლის 9 ივნისს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში და არც გავრცელებული შეფასება წარმოადგენს მის მოსაზრებას.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თავი შეიკავონ დეზინფრომაციის გავრცელებისაგან.