რა ბედი ეწევა თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწებს?!.

ერაყში ისტორიული რეფერენდუმის გამართვის შემდეგ მსოფლიო უჩვეულო რეალობის წინაშე დგება, მახლობელ აღმოსავლეთში დიდი ალბათობით ახალი სახელმწიფო -ერაყის ქურთისტანი იბადება. ეს პროცესი სირიასა და თურქეთში ეთნიკური ქურთების შანსებს, მოიპოვონ დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვნად ზრდის, მით უფრო, რომ „ისლამურ ხალიფატთან“ დაპირისპირებაში ქურთები სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებას აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ერაყის ხელისუფლება, რეგიონში შექმნილი ქაოსური და მყიფე ვითარება ქურთებს შანსს აძლევს ისტორიული მიზანი განახორციელონ.

ახალი სახელმწიფოს შექმნა უდიდესი თავსატეხი ხდება თურქეთისა და ირანისთვის. რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს ერაყის ქურთისტანის საზღვარი ირანული ჭურვებით იბომბება, ხოლო თურქეთი  ერაყის ქურთისტანს შიმშილითა და ამოწყვეტით ემუქრება.

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ მსოფლიოში დღეს იმაზე მეტი საშიში ვითარებაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რა რისკებთან არის დაკავშირებული  ახალი სახელმწიფოს შექმნა მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის? რა გეგმით ცდილობენ შეერთებული შტატების გარკვეული პოლიტიკიური წრეები „დიდი ქურთისტანის“ იდეის განხორციელებას? როგორ გავლენას იქონიებს ეს პროცესები საქართველოზე? დგას თუ არა თურქეთი  დაშლის საფრთხის წინაშე და რა ბედი ეწევა თურქეთისგან მიტაცებულ ქართულ მიწებს? ამ და სხვა საინტერესო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს თბილისის საკრებულოს წევრი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო,  რა გავლენას იქონიებს ახალი სახელმწიფოს, ერაყის ქურთისტანის  შექმნა  რეგიონზე? რა რისკებთანა არის დაკავშირებული ეს პროცესი მსოფლიოსა და საქართველოსთვის?

-ჩვენი საზოგადოება შიდა პრობლემატიკითაა დაკავებული და ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ეს პროცესები იმგვარად ვითარდება, რომ აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს ქვეყანაზე. რაც დრო გადის უფრო ნათელი ხდება, თუ რა ტექტონიკური ცვლილებები ხდება მახლობელ აღმოსავლეთში და საქართველოს გარშემო მდებარე მთელს გეოპოლიტიკურ სივრცეზე. ცხადია, ეს მოვლენები სულ უფრო და უფრო მეტად აისახება ჩვენზე, შესაბამისად, აუცილებელია ვითარების დროული გაანალიზება, რათა ნეგატიური ზეგავლენების გასანეიტრალებლად პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია.

ერაყის ქურთისტანი მოგეხსენებათ, არის დღევანდელი ერაყის სახელმწიფოს ჩრდილო ნაწილში, აღარ შევეხები იმ ისტორიულ კონტექსტს, რომელიც თან ახლავს ქურთების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ეს არის რეგიონი, 8 მლნ მოსახლეობით, სადაც ერაყის გაზისა და ნავთობის მარაგის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქურთისტანი გამოირჩევა მტკნარი წყლის მარაგებით, ასევე ბევრი სასარგებლო წიაღისეულით.

მოგეხსენებათ, ზოგადად ქურთისტანი ერაყის, სირიის, ირანისა და თურქეთის საზღვრებში შედის. ქურთული მოსახლეობა 30-40 მილიონს შეადგენს, ეს მონაცემები  სხვადასხვა მიზეზთა გამო მერყეობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაცია დღევანდელ მსოფლიოში, დიდი ისტორიით,  რომელსაც არა აქვს საკუთარი სახელმწიფო.

-გამომდინარე იქიდან, თურქეთს საკუთარ ტერიტორიაზე დიდი ხანია აქვს ქურთების პრობლემა, როგორ ფიქრობთ ერაყში შექმნილი ვითარება გადამდები იქნება თურქეთისთვის?

-თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მთავარი კოშმარი იყო და არის დიდი ქურთისტანის შექმნის პერსპექტივა, ვინაიდან ეს ავტომატურად გულისხმობს თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. თუ ჩვენ გეოგრაფიულად დავხედავთ ამ ტერიტორიას, ქურთისტანი ერთი რეგიონია და ბუნებრივია, ერაყში გამოცხადებული დამოუკიდებლობა უდიდეს გავლენას მოახდენს ქურთების ბრძოლაზე თურქეთში.

ერაყში ქურთისტანის წარმოქმნა  სირიასაც აუცილებლად გადაედება, რადგან ამერიკის და ისრაელის სახელწიფოს პროტეჟე და მოკავშირეები არიან. შესაბამისად, სირიელი ქურთები მეორეხარისხოვან როლს არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.  მითუმეტეს, რომ მათ მოიპოვეს  სირიის ჩრდილო ნაწილზე კონტროლი ბრძოლით, სადაც ისინი კომპაქტურად არიან დასახლებული. ეს პროცესი რა თქმა უნდა, სირიის ქურთისტანშიც გაგრძელდება, იგივე შეიძლება ვთქვათ თურქეთზე და ირანზეც. ეს ერთიანი სივრცეა და მიუხედავად მათ შორის განსხვავებებისა, ეს ბრძოლა დიდი ქურთისტანისათვის ბრძოლაში აუცილებლად გადიზრდება.

ერაყი და სირია, როგორც სახელმწიფოები, ძალიან დასუსტებულები არიან ცნობილი მოვლენების გამო, ცენტრალური ხელისუფლებას არ ძალუძს  შეეწინააღმდეგოს ქურთების ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. ეს ეხება როგორც ასადის რეჟიმს, ასევე ერაყის შიიტურ მმართველობას, ბუნებრივია, ერაყელმა ქურთებმა ვითარებით ისარგებლეს, ისტორიული შანსი  გამოიყენეს და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გამოაცხადეს.

ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ  რეგიონში არსებულ ინტერესებს და შეერთებული შტატების გადამწყვეტ პოლიტიკურ გავლენას, რომელითაც ის  ამა თუ იმ ტაქტიკურ სვლებს აწარმოებს. ეს ინტერესები კარგად ჩანს იგივე რალფ პეტერსის რუკაზე, რომელიც  2005 წელს გამოქვეყნდა. პეტერსი ამერიკის დაზვერვის ვეტერანი გახლდათ,  რუკა გამოქვეყნდა პენტაგონის ერთ-ერთ გამოცემაში და  მას „უკეთესი ახლო აღმოსავლეთისათვის“ ერქვა. ეს გასაიდუმლოებული არ არის და სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. სამხედრო სემინარებზე კურსანტებს დავალება ეძლევათ მონახონ გზები ამ რუკაზე ასახული რეალობის სისრულეში მოსაყვანად. პეტერსის რუკაზე  ვხედავთ, რომ ქურთისტანი აჭარამდე ამოდის და საქართველოს ესაზღვრება, თურქეთის მთელი რიგი რეგიონები შედის ქურთისტანში, ასევე სირიას და ერაყს ერთმევა ქურთებით დასახლებული ტერიტორიები. ამ გეგმის მიხედვით, თურქეთის, ერაყის, სირიის და ირანის ქურთისტანი ერთიანდება. თურქეთის აღმოსავლეთი, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, ქურთისტანის შემადგენლობაში შედის და საზღვარი აჭარასთან ამოდის, ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ.

-რას ნიშნავს ამ გეგმის სისრულეში მოყვანა ჩვენთვის? საქართველოს რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ამ შემთხვევაში?

-ჩვენ წინ ძალიან ბევრი მოულოდნელობებით აღსავსე პროცესები გველოდება. სურათი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა, იცვლება და იცვლება ძალიან დრამატული სახით. ქურთისტანის რეფერენდუმი სწორედ ამის დეტონატორია. ბუნებრივია, რუსეთი ამ შემთხვევაში თავისი ინტერესების დაცვას აქტიურად ცდილობს, ისევე როგორც ირანი და თურქეთი, თუმცა აქაც ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს ვხედავთ.  რუსეთს ამ შემთხვევაში გარკვეულწილად შეიძლება აწყობდეს შეერთებული შტატების ეს სტრატეგია, ვინაიდან მას სურს თავისი ინტერესების ლეგიტიმაცია დონბასში, ლუგანსკში, ყირიმში, აფხაზეთში, ცხინვალში და კიდევ სხვა რეგიონებში, სადაც პრობლემები აუცილებლად წარმოიქმნება.  მაგალითად,  შუაზიაში, სადაც ძალიან მყიფე რეჟიმებია, ნებისმიერი დიქტატორის გარდაცვალება შეიძლება გახდეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების გამოყოფის დეტონატორი. ამით შეუძლია ისარგებლოს რუსეთს, რომლსაც აქვს თავისი იმპერიული ტკივილები და სწორედა ამ ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს შეერთებული შტატების ეს სტრატეგია. ბუნებრივია, არეულობაში ყველა დიდი სახელმწიფო მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს და ამასობაში უმძიმეს სიტუაციაში თვითონვე ექცევიან. ამის კლასიკური მაგალითიც გახლავთ თურქეთი, რომელმაც თავი ხიფათში ჩაიგდო დავითოღლუს “|ოსმალეთის იმპერიის”| აღდგენის დოქტრინაზე დაყრდნობით.

-სირიაში შეჭრას გულისხმობთ?

-არა მარტო სირიაში შეჭრას, თურქეთს, რომელსაც მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა ჰქონდა, დღეს ყველა მეზობელი მტრად ჰყავს გადაკიდებული. ბუნებრივია, ეს სტრატეგია თურქეთისთვის დამღუპველი იქნებოდა. მუსტაფა ქემალ ათა თურქის ანდერძის მიხედვით, თურქეთს ოსმალეთის იმპერიის აღდგენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწყო, ვინაიდან ეს მის დაშლას გამოიწვევდა.

-თურქეთი რეალურად დგას დაშლის წინაშე?

-დიახ,  რეალურად, ეს ჩვენი ზოგიერთი ექსპერტისთვის არის ახალი ამბავი, თორემ თურქეთის პრესა წაიკითხონ ელემენტარულად, რას წერენ…მათ გადაწყვიტეს იმპერიის აღდგენა და მივიდნენ დაშლამდე. თურქეთი ისეთი ძალებით არის გარშემორტყმული, რომ მას არა აქვს იმპერიის შექმნის რესურსი. იმპერიის შექმნისთვის როცა იბრძვი, უნდა იცოდე, რომ დამარცხების შემთხვევაში კარგავ იმას, რაც გაქვს, ამიტომ ეს ძალიან გაუზარებელი სტრატეგია გახლდათ.

-რა თქმა უნდა, თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ ერდოღანის მიერ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე აქცენტის გაკეთება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, ხომ არ იყო განპირობებული გარკვეულწილად საკუთარი ქვეყნის მომავლის შიშით?

აუცილებლად, ფაქტიურად, თურქეთი სასიკვდილო საფრთხეების წინაშე დგას.  ქურთული შეიარაღებული ფორმირებები, რომელთაც ახლა სახელმწიფოებრივი ცენტრიც გაუჩნდათ, არის ძალიან სერიოზული ძალა. მას შემდეგ, რაც ქურთები ისინი მომარაგებულები და მხარდაჭერილები არიან ამერიკის და ისრაელის მიერ, თურქული არმიის უპირატესობა ძალიან ეფემერული გახდა. თურქეთს ძალიან დიდი შიდა პრობლემები აქვს. მოგეხსენებათ, ქემალისტები ერდოღანმა გაანადგურა, ბუნებრივია, მათ მუდმივად რევანშის მოლოდინი აქვთ. დასავლეთიც მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა. გახსოვთ გამოსვლები, რომელიც ჩაახშო თურქეთის ხელისუფლებამ. ერდოღანს  ერთმანეთზე გადაბმული უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც ამ ქვეყანას შიდა არეულობით ემუქრება. ამას ემატება უდიდესი საფრთხე ქურთებიდან, რომელთაც მხარს ამერიკელები უჭერენ, ძალიან მძიმე ვითარებაა და ერდოღანის რეაქცია სრულიად გასაგებია.  მან ფაქტიურად ომი გამოუცხადა ერაყის ქურთისტანს, შიმშილითა და ამოწყვეტით ემუქრება ახლადგამოცხადებულ ერაყის ქურთისტანს, ვინაიდან ის კარგად ხვდება, საითკენაც მიდის მოვლენები.

-თუ პროცესი მართალაც თურქეთის დაშლისკენ წავიდა, რა ბედი შეიძლება ეწიოს თურქეთისგან მიტაცებულ ქართულ მიწებს?

-ამ მიწებზე სამი პრედენდენტია: ჩვენ, ქურთები და სომხები. ჩვენ იქ არ ვართ როგორც პოლიტიკური ფაქტორი, მოდით ასე ვთქვათ. სომხები, დიდი ეთნოწმენდის შემდეგ იქ აღარ არსებობენ. ეთნიკური წმენდის ადგილებში იყვნენ ქურთები და სომხები. ყველზე მეტი სომეხი სწორედ ქურთებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა, იმიტომ, რომ სომხები ამ ტერიტორიების დაკავებას ცდილობდნენ რუსულ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით. ეს იყო საშინელი სისხლიანი დაპირიპირება ქურთებსა და სომხებს შორის, რამაც ქურთების შურისძიების აქტები გამოიწვია და ეს ტერიტორიები სწორედ მათ დაიკავეს.

რაც შეეხება იმიერ აჭარას, ერუშეთს, შავშეთს, ართვინს, კლარჯეთს, იქ რა თქმა უნდა, არსებობს ქართული მოსახლეობა, თუმცა ჩვენი პოლიტიკური სისუსტისა და იქაური მოსახლეობის აქტივობის გათვალისწინებით, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციის აკვნის უკან დაბრუნების შესაძლებლობა გვქონდეს. სამწუხაროდ, ამისთვის ჯერ ძალიან სუსტები ვართ, თუმცა, ჩვენ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და წესით და რიგით ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.  შეიძლება დადგეს ეს პერიოდი და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ზოგადად ქურთისტანის შექმნის სტრატეგიაზე მე დიდი ხანის წინ ვწერდი, რომ ისრაელი ხელს უწყობს დიდი ქურთისტანის წარმოქმნას. სტრატეგია ორ ვექტორიანია, ერთი რუსეთის წინააღმდეგ, ამოუკვეთოს რუსეთს ფეხი რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიიდან, ხოლო მეორე, ირანის წინააღმდეგ. ამ სტრატეგიის მიხედვით, ირანის ამბიციები შექმნას შიიტური ნახევარკალი, ჩაყლაპოს აზერბაიჯანი და გაბატონდეს რეგიონში, რომელშიც ჩვენც შევდივართ, სამუდამოდ უნდა იყოს შეკვეცილი. ამავე გეგმით, ირანი უნდა დაიშალოს,  საუდის არაბეთი და იემენი გაიყოს, ხოლო თურქეთს აღმოსავლეთ რეგიონები უნდა მოწყდეს,პარალელურად იქმნება დიდი აზერბაიჯანი, რომელიც მოიცავს ძველი ადარბადაგანის საზღვრებს ირანში, სომხეთი ამ შემთხვევაში მოქცეულია ორ მტრულ სახელმწიფოს შორის. ამ რუკაზე სახელმწიფოების ფრაგმენტაცია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არის წარმოდგენილი. ანუ, წინააღმდეგობები, რომლებიც სახელმწიფოებს შიგნით არსებობს, უნდა გადაწყდეს ეთნიკურ-რელიგიური კუთხით.

ეს სტრატეგია, ბუნებრივია საშინლად არ აწყობს რუსეთს, ირანს, თურქეთს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ პარადოქსალური ალიანსი, რუსეთ-თურქეთ-ირანის სახით. ისტორიულად  ერთმანეთთან მუდმივად მეომარი სახელმწიფოები  სწორედ ასეთი საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

-ამ გეგმის მშვიდობიანი გზით განხორციელება წარმოუდგენელია ალბათ…

-ბუნებრივია, ასეთი გეგმის მშვიდობიანად განხორციელება შეუძლებელია,  პეტერსის გეგმაზე კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით. ნატოს ერთ-ერთ კონფერენციაზე ეს რუკა იყო გამოფენილი, თურქეთის დელეგაციამ ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა  და მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

დღეს არის კიდევ სხვა კორექტირებული რუკები, რომლებიც პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად იცვლება, თუმცა სტრატეგია, რომ იგივეა, ამას ჩვენ ვხედავთ. ლაპარაკი იყო ერაყის სამ ნაწილად დაყოფაზე, ზოგიერთს ეგონა, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს- ქურთისტანი, შიიტური ერაყი და სუნიტური ერაყი.

დღესაც მსოფლიოში უძლიერესი აქტანტია შეერთებული შტატები, რომლის სტრატეგია არის -დიდი ქურთისტანი, ისრაელი, აზებაიჯანი და საქართველო. საქართველო, რომელიც არის ორიენტირებული დასავლეთზე და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, უნდა გახდეს  რეგიონალური ფარი რეგიონალური სახელმწიფოების წინააღმდეგ.

არავინ მიაქცია  ყურადღება იმას, რომ ისრაელმა აზერბაიჯანს გარდა სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური შეიარაღებისა,  ე.წ. რკინის ფარდა მიყიდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მსოფლიოში. ეს შემთხვევით არ მომხდარა და ისრაელი ამ შემთხვევაში მარტო არ მოქმედებს. ამაზე ირანის რეაქცია იყო ძალიან მტკივნეული. მინდა ვთქვა, რომ ირანის და აზერბაიჯანის ურთიერთობები არის ძალიან მწვავე და მუდმივად ფეთქებადსაშიში.

რაც შეეხება საკუთრივ საქართველოს, ჩვენ  საკმაოდ საფრთხის შემცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით.  ბუნებრივია, საქართველო ვერ იარსებებს ისე რომ, არ იყოს რომელიმე სუპერ სისტემასთან ინტეგრირებული (ინტეგრირებული არა სუვერენიტეტის დაკარგვის თვალსაზრისით), საქართველოს საფრთხეებისაგან თავის დასაცავად სასიცოცხლოდ სჭირდება ძლიერი და ერთგული მოკავშირე. „ერთგული“ ამ შემთხვევაში პირობითია, ანუ ისეთი მოკავშირე, რომელიც არ შეგვატოვებს იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც ჩვენს ძალებს აღემატება. დღეს მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთლიანად დასავლეთზეა ორიენტირებული, და მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გარანტიები მოიპოვოს, რადგან ჩვენ გარშემორტყმული ვართ მტრული ძალებით.

-რამდენად ადეკვატურია ამ წინააღმდეგობრივ  ვითარებაში ცალსახად დასავლეთზე ორიენტირება?

– გასაგებია, ისმის კითხვა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს დასავლეთის წინააღმდეგობა რუსულ ძალასთან რეგიონში? თუ ამას ჩვენ წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ბუნებრივია, რუსეთს გაცილებით დიდი სამხედრო ძალა აქვს აქ, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. მათ არ უჭირთ საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა, არც მთლიანად სახელმწიფოს დაკავება გაუჭირდებათ და არანაირი მნიშვნელოვანი სამხედრო წინააღმდეგობა მათ ამისთვის არ შეხვდებათ.

რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მოქმედებს ისე, რომ საქართველოს  სხვა გამოსავალი არ რჩება. რუსეთი თვითონ ბლოკავს ყოველგვარ შესაძლებლობას საქართველოსთან ურთიერთობისა, მას არ აწყობს დიალოგი, ის მუდმივად აკეთებს ერთსა და იმავეს, თუნდაც იმას, რაც გააკეთა ბოლოს, ერედვში ბულდოზერით გადაუარა ქართული სახლების უკანსკნელ ნარჩენებს. ხომ  გასაგებია, რომ ამაზე საქართველოში საზოგადოებრივი აზრი, გარდა პათოლოგიურად პრორუსული ნაწილისა, მკვეთრად უარყოფითი იქნება. მესმის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ რუსეთი არაფერს აკეთებს ამისათვის, იქ არსებულ პოლიტიკურ ელიტას დიალოგი არ უნდა.

თუმცა მოლაპარაკების შეთავაზება ორჯერ რუსეთის პრეზიდენტისგან წამოვიდა…

-არანაირი შეთავაზება ეს არ ყოფილა, პუტინს რომ უნდოდეს საქართველო მოკავშირედ გაიხადოს და ამისათვის ქართველი ხალხი განაწყოს, სულ მცირე ორი რამ შეეძლო გაეკეთებინა, რომელიც მას არაფრად არ უღირდა. მაგალითად, გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი, რომელიც ჩვენ ცალმხრივად გაუქმებული გვაქვს და მეორე, დაეწყო დიალოგი ქართველი დევნილების დაბრუნებაზე ან თუნდაც გამოეხატა პოზიცია იმ აპარტეიდზე, რომელსაც  აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აწარმოებს გალის რაიონში. ეს ხომ არ არის დაკავშირებული მათთვის რაიმე უარყოფით პოლიტიკურ  მოვლენებთან? არა, პირიქით, ჯიუტად იქცევა.  როდესაც აქედან „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაცია წავიდა, იმ დღეს ერედვში ქართველების სახლების საფუძვლიანად ამოძირკვა დაიწყეს.

– ხომ არ არის რუსეთის ქმედებები განპირობებული საქართველოს ნატოსკენ სწრაფვით?

-ეს მოქმედება ნატოსკენ ნაკლებად უბიძგებს ქვეყანას? რა განწყობას გააჩენს? განწყობა ისეთია, რომ სწრაფად  სადმე თავი შევაფაროთ. მე პასუხისმგებლობას არც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვხსნი და არც დასავლეთის პოლიტიკით ვარ მოხიბლული, მაგრამ ის, რომ დასავლეთი რაღაცას ცუდად აკეთებს, არ ნიშნავს რომ რუსები აკეთებენ რაიმეს ჩვენდა სასიკეთოდ. საგნებს რეალურად  უნდა ვუყუროთ. ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ ჩვენსკენ, თავიანთი სატელიტების მეშვეობით ქართველების უკან დაბრუნების პროცესს მუდმივად ბლოკავენ, ეს კონკრეტული ინდიკატორია.  ამით ისინი მუდმივად სპობენ იმის საშუალებას, რომ რაიმე ტიპის შერაცხადი ძალა აღმოცენდეს სააქართველოში, რომელიც ბრმად პროდასვლურ კურსს შეცვლიდა და გარკვეული ბალანსისკენ წაგვიყვანდა. სამწუხაროა ეს და ჩვენთვის ძალიან საბერდისწერო, ცხადია…

-თუ რუსეთი თვითონ უბიძგებს საქართველოს, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოსკენ იყოს ორიენტირებული, აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?

-მათ სხვა სტრატეგია აქვთ, რუსეთს როგორც ჩანს, ძალიან დასუსტებული საქართველო აწყობს. ხაზი მინდა გაუსვა იმასაც, რომ მათი ინტერესები თანხვედრაშია სომხეთის ინტერესებთან, რომელსაც ასევე ამბიციები და თავისი გადარჩენის სტრატეგია აქვს დიდი სომხეთის შექმნის გზაზე. ეს ერთ მხრივ, სწორედ რუსულ-სომხური ინტერესებია. რუსულ-სომხური ინტერესების ვექტორი მოსკოვი-ერევანი-თეირანი კვლავ ძალაშია და საქართველო ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც დასუსტებული პოლიტიკური ელემენტი. ამავე დროს საქართველოში უნდა დაიბლოკოს სხვა ნებისმიერი ტიპის გავლენა, აი, ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ანუ, თვითონ საქართველოს, როგორც ფაქტორის არსებობა, რუსეთს არანაირად არ აწყობს.

-მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ დასავლეთის და ნატოს გავლენები იზრდება და ეს როგორ ჯდება რუსეთის ინტერესებში?

-გავლენები იზრდება? ჩვენ აქ გვაქვს რამე?  რუსეთი აწარმოებს დიდ პოლიტიკას იმისათვის, რომ აქ ნატოს ბაზები არ განთავსდეს, ანუ, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ან ხალხის პოზიციას არ განიხილავს რაიმე ფაქტორად, ეს არის მათი მტრულად მოქმედების მეორე ფაქტი. ის ამას იარაღის ჟღარუნით და პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების მუქარით აკეთებს. რა თქმა უნდა, რუსეთი თვლის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აქ ნატოს ჯარების შემოსვლა და ამას ის ჯერჯერობით, წარმატებით ახორციელებს.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თურქეთთან რუსეთის სტრატეგიული კავშირი მყარდება,  ჩვენთვის რეგიონში ძალიან არახელსაყრელი და სარისკო ვითარება არის შექმნილი. უახლოეს მომავალში ქურთისტანთან დაკავშირებით პროცესები გამწვავდება და ძალიან დრამატული მოვლენები განვითარდება. ჩვენს გარშემო  გეოპოლიტიკური ვითარება შეიძლება ძალიან გაუარესდეს.

სამხედრო დამარცხებას ეთნიკურ -რელიგიური სურათის ცვლა მოჰყვება ხოლმე. ჰიბრიდული ომების საწარმოებლად საკმარისია ტერორისტული ანკლავების შექმნა, ჩვენ ამ მხრივ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა გავამკაცროთ სავიზო რეჟიმი, უშიშროების სისტემა გაფაციცებით უნდა მუშაობდეს, რათა  არ დავუშვათ ახალი კომპაქტური ანკლავების შექმნა, რაც ისედაც ბევრი გვაქვს, სამწუხაროდ. ჩვენ  დემოგრაფიული ზამთარი გვიდგას, მაშინ, როდესაც დემოგრაფიული გაზაფხული აქვს თურქეთს, ირანს, ქურთებზე აღარ ვლაპარაკობ, ისინი თურქებზე ორჯერ და სამჯერ უფრო სწრაფად მრავლდებიან. ამან გამოიწვია  სხვათაშორის, ბალნსის შეცვლა თვითონ თურქეთში. აქედან გამომდინარე, თუ თავი არ დავიცავით და ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ, გველის აღგვა პირისაგან მიწისა…

წყარო

sazogadoeba.ge