მარნეულში „ოცნების” კანდიდატი დაჭრეს, უცნობმა პირმა ავტომატი ესროლა ოფისს

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და მისი შვილი დაჭრეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  უცნობმა პირმა ავტომატი ესროლა ოცნების ოფისს. თავდასხმის შედეგად დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.

დაჭრილებს სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უკვე ჩავიდა. ის ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

გადაკეტილია მიმდებარე გზები. არსებული ინფორმაციით, მინისტრი ცოტა ხანში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

შსს-ს ცნობით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.