რატომ ვახსენე „ქართუ ბანკის“ კრიმინალური სინდიკატი…და „კარმუშკა”?

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

სანამ თანმიმდევრულად გავცემ პასუხს ამ მნიშვნელოვან კითხვას, მინდა ცალსახად გამოვაცხადო, რომ დემოკრატიულ რევოლუციებს ნებისმიერ ქვეყანაში ახდენს ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან პიროვნება. ხოლო, ამგვარი რევოლუციების მთავარი მიზანი, მიუხედავად კონკრეტული მოცემულობისა და წინა პირობებისა არის ხელისუფლების წყაროს ფუნქციის დაბრუნება ხალხის ხელში. თავად დემოკრატიის მცნებაც ზუსტად ამას გულისხმობს – ხალხის მმართველობას. ცივილიზებული სამყაროს ფუძემდებლური ნორმები ცალსახად აძლევს ხალხს რევოლუციის მოწყობის ლეგიტიმურ უფლებას, თუ სახეზე გვაქვს ხელისუფლლების უზურპაციის ფაქტი. თუმცა, უზურპაციის ფაქტი შეიძლება შედგეს ორ ძალიან განსხვავებულ პირობებში:

1. როდესაც საკანონმდებლო დონეზე ფორმალურად შენარჩუნებულია დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები. მაგრამ, ფაქტიურად ხელისუფლება უგულებელყოფს ამ საკანონმდებლო ბაზას, ხელისუფლების მოპოვებისა და დანაწილები შესახებ და კანონდარღვევით ისაკუთრებს და აღარ თმობს ხელისუფლებას.

2. როდესაც უზურპატორი მთავრობა ან ცალკე აღებული პიროვნება – დიქტატორი ხელისუფლების უზურპაციის მიზნით, სხვადასხვა მანიპულაციებით, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით ცვლის საკანონმდებლო ბაზას, ცვლის კონსტიტუციას და ამ კანონების საფუძველზე ცდილობს „ლეგიტიმური“ გახადოს, როგორც ხელისუფლების მიტაცების ფაქტი, ასევე ამ ხელისუფლების უსასრულოდ და განუსაზღვრელი დოზით შენარჩუნება.

ორივე შემთხვევაში ხელისუფლების წყარო გადადის მმართველი გუნდის, ან ერთი პიროვნების – დიქტატრის ხელში და ხალხი კარგავს ხელისუფლების წყაროს ფუნქციას. ორივე შემთხვევაში ხალხს, ქვეყნის მოქალაქეებს ცივილიზებული სამყაროს ფუძემდებლური პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე ეძლევათ უზურპატორთა წინააღმდეგ აჯანყების და დემოკრატიული რევოლუციის მოწყობის ლეგიტიმური უფლება.

საქართველოში 2012 წლამდე არც ერთი ზემოთ მოყვანილი პირობა არ არსებობდა. ამიტომაც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. ხოლო, თუ საფუძვლიანად გავაანალიზებთ ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და ამ პროცესების დინამიკას, ცალსახად ნათელი გახდება, რომ საზოგადოებამ გაიარა ზემოთ მოყვანილი ორივე მოცემულობა. „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი კონსტიტუციური ვადა გაილია პირველი მოცემულობის პირობებში. ხოლო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პარლამენტში მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა გამალებით დაიწყო და მიზანმიმართულად შექმნა ზემოთ აღწერილი მეორე მოცემულობაც. ანუ, ხელისუფლების უზურპაციის პროცესებმა საკანონმდებლო სივრცეშიც გადაინაცვლა. შედეგად მივიღეთ ისეთი პოლიტიკური და მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო გარემო, სადაც პრაქტიკულად გამორიცხულია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. სადაც ხელისუფლების წყაროდ გვევლინება არა ხალხი, არამედ ბიძინა ივანიშვილი – არაფორმალური მმართველი, რომელმაც შექმნა ჯამაჰირიის ქართული ვარიანტი.

ნიშანდობლივია და ყურადღება გასამახვილებელია იმ ტექნოლოგიაზე, რომლის მკაცრი და მიზანმიმართული დაცვითაც ივანიშვილმა მიაღწია პოლიტიკური მოცემულობის ესოდენ ტრაგიკულ ტრანსფორმაციას. ტრაგიკული არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისათვის და ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, არამედ პირადად მისთვის და მისი სახელისუფლებო გუნდისთვისაც, იმიტომ, რომ ყველა ღრუბლის უკან აუცილებლად იმალება მზე. მინდა გაგამხნეოთ და ცალსახად ვთქვა, რომ ივანიშვილის ჯამაჰირიაც დასრულდება, მაგრამ მთავარია განვსაზღვროთ თუ რა ვადებში დამთავრდება? რაც უფრო გაჭიანურდება და რაც უფრო დამძიმდება ვითარება, მით უფრო ტრაგიკული დასასრული ექნება ამ რეჟიმს და მის შემოქმედებს.

ახლა კი მიუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებიტაც ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლების უზურპაცია და დღევანდელი – რევოლუციური მოცემულობის შექმნა:

ამ პოლიტიკურ ტექნოლოგიას ქვია „მდორე ლპობის“ ტექნოლოგია, სადაც მთავარი ადგილი უკავია დროის და პროცესების განვითარების ტემპს, სადაც საზოგადოების კეთილდღეობის ნგრევის მდორე ტემპი მაქსიმალურად უშლის ხელს საპროტესტო მუხტის კრიტიკული მასის დაგროვებას და მის მოულოდნელ, თუ მოსალოდნელ აფეთქებას. სადაც მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების ლუმპინიზაცია – მორჩილი უმრავლესობის ფენის შექმნა, რომლის საარსებო მინიმუმი მთლიანად ხელისუფლების შემწეობით განისაზღვრება.

მიზნის მისაღწევად ივანიშვილისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პროგრესის შეჩერება, ჯერ სტაგნაციის ეტაპზე გადაყვანა და შემდეგ განუხრელი რეგრესის პროცესების კულტივირება და დაწყება. ყოველივე ეს ემსახურება მთავარ მიზანს: საქართველო კვლავ დაბრუნებულიყო არშემდგარი სახელმწიფოების რიგში და აპრიორი მოესპო თვითკმაყოფადი, წარმატებული მოქალაქეების საშუალო ფენის ჩამოყალიბების შანსი. რამე თუ წარმატებული, თვითკმაყოფადი, თვითრეალიზებადი საშუალო ფენის არსებობა აპრიორი გამორიცხავს ხელისუფლების უზურპირების შანსს. წარმატებული მოქალაქე დიქტატურისა და ხელისუფლების უზურპატორთა ყველაზე დიდი მტერია. იმიტომ, რომ ასეთი მოქალაქეების დიდი საშუალო ფენა ავტონომიურია თავის გადაწყვეტილებებში და არ არის დამოკიდებული ხელისუფლების კეთილგანწყობაზე და მათხოვრულად გადაგდებულ ერთ ლუკმაზე. სამწუხაროდ ივანიშვილის ხელისუფლების მეექვსე წელს ასეთი ფენა პრაქტიკულად მომსპარია საქართველოში. ხოლო, საზოგადოების გაღარიბების და ხელისუფლების კეთილგანწყობაზე მიბმის პროცესი განუხრელად გრძელდება. საზოგადოების ასეთი ფენა გადამწყვეტ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებს, დაპირებებს, იმ ფასეულობებს და ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელზეც დგას ესა თუ ის პოლიტიკური პარტია და ხელმძღვანელობს მხოლოდ პრიმიტიული ინსტინქტით – ბოლო და გადამწყვეტ მომენტში დგება იმ მხარეს სადაც ხედავს ძალას.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენა გამოკვეთილად ხასიათდება კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების ცხოველური ინტერესით, რაც გამოიხატება წინამდებარე პერიოდში კანონიერად აღიარებული დანაშაულებისა და კანონდარღვევების დაკანონებაში. ამისათვის გადაიწერა კონსტიტუცია; ამისათვის შეიცვალა საარჩევნო კოდექსი და თუნდაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი და ამ კომისიების მიერ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებიც. ამ გარემოებამ ცალსახად დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, როდესაც კანონის გამოყენებით ბრძოლა აბსოლუტურად არაეფექტური გახადა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით: კანონი აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური აქტიორები თანასწორ პირობებში იბრძოდნენ. სახელისუფლებო ძალას ყოველთვის გააჩნია ის ჰანდიკაპი, რომელიც გარანტირებულად უხანგრძლივებს მას ხელისუფლებაში ყოფნის კანონიერ პერიოდს. თუმცა მცნება კანონიერი აღარ ნიშნავს სამართლიანს და კანონი აღარ ემსახურება სამართალს, აღარ ემსახურება ხალხს, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტს. დღეს კანონებიც კი ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და „ქართუ ბანკის“ კრიმინალურ სინდიკატს.

რატომ ვახსენე „ქართუ ბანკის“ კრიმინალური სინდიკატი? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მეორე საარჩევნო ციკლმა განაპირობა ზუსტად ამ კრიმინალური სინდიკატის ხელისუფლებაში მოსვლა. ხოლო ის პიროვნებები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანის პროცესში, დღეს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და თანაც ისეთ პირობებში, როდესაც მათაც ფაქტიურად გამოცლილი აქვთ ყოველგვარი ინსტრუმენტი და რეპუტაციაც, კი რომლის ხარჯზეც ქვეყნის მმართველობაში დაბრუნების შანსს მაინც დაუტოვებდა. ანუ, როგორც ყოველთვის, მახინჯი სისტემის შემქმნელები პირველ რიგში ამ სისტემამ შეჭამა. ისინი უკვე გადამუშავებულ ინერტულ მასად აქცია. რამაც ფაქტიურად მნიშვნელოვანწილად მოასუფთავა და გააუდაბნოვა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რომელზეც ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალად დარჩა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კრემლის მიერ შექმნილი და კულტივირებული კოლაბორაციონისტული პოლიტიკური პარტიები. ისეთები როგორებიცაა „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის ირგვლივ შექმნილი კოლაბორაციონისტთა ალიანსი. ეს ანტისახელმწიფოებრივი გაერთიანებები, თავის მხრივ ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, კრემლის რესურსების მოპოვებისა და ათვისების ასპარეზზე და მათი პროტესტის მთავარი მოტივატორი სწორედ ამ „კარმუშკასთან“ მაღალი დოზით წვდომის მიზანია. თანაც ამ ეტაპზე ეს კოლაბორაციონისტული ძალები ძირითადად მოლოდინის რეჟიმში არიან, იმ იმედით, რომ თავის დროზე კრემლი სწორედ მათით ჩაანაცვლებს ივანიშვილის რეჟიმს.

ყოველივე ამის შედეგად, ნამდვიად ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, რომელთათვისაც მთავარი ინტერესია საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და განვითარების გზაზე დაბრუნება, ქვეყნის მმართველობაში მოსასვლელად და ხალხის ხელისუფლების წყაროდ კვლავ გადასაქცევად, ანუ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღსადგენად, ივანიშვილის უზურპატორულმა რეჟიმმა დაუტოვა მხოლოდ სახალხო დემოკრატიული აჯანყების გზა. იმიტომ, რომ კანონების, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებით ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ჯგუფის“ კრიმინალურმა სინდიკატმა შეუძლებელი გახადა არჩევნების გზით ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება. ამ მოცემულობაში ყველაფერი მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ანუ, კონკრეტულად რა ვადებში მომწიფდება რევოლუციური ვითარება, როდესაც ხელისუფლება ვეღარ მართავს და მოქალაქეებს აღარ სურთ ამ რეჟიმში ცხოვრება. დიდი ალბათობით ამგვარი მოცემულობის მოსამწიფებლად სავსებით საკმარისია 2-3 წელი. რაც ძალიან ახლოს დგას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ვადასთან, თუმცა უსწრებს მას.

ყოველივე ზემოთ თქმული არის პირადად ჩემი ანალიზის შედეგი და პირადად ვარ პასუხისმგებელი ყველა შეფასებაზე, რომელიც გავაკეთე. რისი უპირველესი დასტურიც პირველ რიგში იქნება მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური დონის კიდევ უფრო დამძიმება და უზურპატორი ხელისუფლების ავტორიტეტისა და ძალაუფლების კატასტროფული დასუსტება. რისი უტყუარი ნიშნებიც ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე ამოვიდა ზედაპირზე, ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის, ინფლაციური პროცესების ზეგეგმიური განვითარების სახით და ხელისუფლების მხრიდან ამ გამოწვევებზე არაეფექტური რეაგირების, უფრო სწორედ კი უმოქმედობის ფაქტით.