21 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის  შუალედური ანგარიში.

2017 წლის 22 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 ოქტომბერი. აქედან გამომდინარე დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლაც, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით 2 თვის ვადით არის განსაზღვრული.  წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობაც შესამჩნევი იყო. ძირითადი კანდიდატები, როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ბევრი ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ რამოდენიმე მაინც გამოწვევად რჩება, კერძოდ:

  1. მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია.
  2. ოპოზიციური კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.
  3. აგიტაციაში საჯარო მოხელეების კანონდარღვევით მონაწილეობა.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, ასეთი შემთხვევა ჩვენი მონიტორების მიერ თითქმის არ დაფიქსირებულა.

ჩვენს კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა საარჩევნო მონიტორინგი მოხალისე დამკვირვებლების საშუალებით სექტემბრიდან დაიწყეს. წინასაარჩევნო გარემოს მიმდინარეობას ვაკვირდებოდით გურიაში, აჭარის რამოდენიმე ოლქში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და თბილისში. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებიან 2 ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ და ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“ არის აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნოდ შექმნილი საინფორმაციო/საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ასევე მონაწილეობას იღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში. აქედან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში,  დარღვევებზე ინფორმაციას მუდმივად ვაწვდით აუდიტის სამსახურს და უწყებათაშორის საბჭოს.

გრძელვადიანი მონიტორინგის პერიოდში ჩვენი მონიტორების მიერ დაფიქსირდა რამოდენიმე ტიპის დარღვევა.

 

  1. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნინოშვილის გამგებლის წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა ,,ქართული ოცნების“ სასაგებლოდ. ჩვენი საჩივრის საფუძველზე შესაბამისმა საარჩევნო ოლქმა იმსჯელა და გამგებლის წარმომადგენელი დააჯარიმა 2000 ლარით.

  1. სავარაუდო ზეწოლის და მუქარის ფაქტი.
  • ჩვენი განცხადების საფუძველზე შსს-ს მიერ დაიწყო მოკვლევა დუშეთის რაიონის სოფ. ქვეშეთში პედაგოგის მიერ სავარაუდო მუქარის ფაქტზე.
  • გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტი ლანჩხუთისრაიონისპატრიოტთაალიანსისმერობისკანდიდატზე.
  1. ფინანსური დარღვევა.

      დემოკრატიული მოძრაობის ფოთის მერობის კანდიდატის მიერ   პლაკატების დაბეჭდვის ხარჯის დაფარვა მოხდა პირადი ხარჯებიდან. ამ ფაქტზე განცხადება შესულია აუდიტის სამსახურში და მიმდინარეობს მოკვლევა.

 4.დაფინანსებული კამპანიები სოციალურ ქსელში.

ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მუდმივად ჩნდებოდა ინკოგნიტოდ    დაფინანსებული გვერდები, სადაც ამა თუ იმ  კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

  1. სავარაუდო ზეწოლა და ზეგავლენა.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა 196 რეგისტრაციიდან მოხსნილი მაჟორიტარი კანდიდატი და 21 მერობის კანდიდატი. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები გახდნენ ზეწოლის მსხვერპლნი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან და ამიტომ მოხსნეს კანდიდატურები, თუმცა აღნიშნულს თავად კანდიდატები არ ადასტურებენ.

  1. საარჩევნო ადმინისტრაცია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობდნენ  საუბნო საარჩევნო კომისიების   დაკომპლექტების პროცესში ხარვეზებზე, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიერ ე.წ. ,, წინასწარი სიების“  არსებობაზე, მაგრამ ამის დამადასურებელი ფაქტების წარმოდგენა უჭირდათ.

მიუხდავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ უბნებზე არჩევნების დღეს ყოფილიყვნენ მომზადებული კვალიფიციური კომისიის წევრები, მაინც აღსანიშნავია რიგ უბნებზე მათი კვალიფიკაციის დაბალი დონე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს უკვე დანიშნული კომისიის წევრების მუდმივი ცვლილებით, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

  1. თავისუფალი და სამართლიანი უწყებათაშორისი საბჭო.

საარჩევნო პერიოდში იქმნება უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი. საბჭო ღიაა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, ოპერატიულად განიხილავს ყველა მიწოდებულ ინფორმაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. საბჭოს მუშაობას ვაფასებთ დადებითად.

  1. მედია გარემო

რეიტინგულ საარჩევნო სუბიექტებს  თანაბრად ეძლეოდათ შანსი სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუში მონაწილეობისათვის, რასაც ვერ ვიტყვით უფასო პოლიტიკურ სარეკლამო დროზე. საკმაოდ რეიტინგული დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილის საარჩევნო კამპანია უფასო საეთერო დროს მოკლებული იყო, რაც შეიძლება მივიჩნიოთ კანონმდებლობის ხარვეზად.

ტელეკომპანიების მიდგომაც  განსხვავდებოდა კანდიდატების მიმართ.

„რუსთავი 2“ ხშირად აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“  და ღიად უჭერდა მხარს „ერთიან ნაციონალურ     მოძრაობას“ და ამ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს.

„იმედი“ გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ მიმართ თვალსაჩინო ლოიალურობით.

„ობიექტივი“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა.

  1. შემოწირულობები

2017 წლის არჩევნებში დარეგისტრირდა 300-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდგომ, არჩევნების დღისათვის დარჩა 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი, ხოლო 201 საინიციატივო ჯგუფიდან – 11 მერობის და 190 – მაჟორიტარობის კანდიდატი. აღნიშნულ პირებს 22 აგვისტოდან გააჩნიათ ვალდებულება – 3 კვირაში ერთხელ წინასწარ გაწერილი გრაფიკით წარმოადგინონ 3 დეკლარაცია. აუდიტის სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ 1 ივლისიდან 15 ოქტომბირის ჩათვლით სულ შემოსულია 12,998,651.16 ლარის შემოწირულობა.

ქართული ოცნება  – 11,640,441.00

ევროპული საქართველო – 931,083.95

ნაციონალური მოძრაობა –  108,149.21

პატრიოტთა ალიანსი – 63,142.00

ახალი საქართველო – – 35,100.00

დემოკრატიული მოძრაობა – 31,486.00

დომენტი სიჭინავა – 50,150.00

ალექსანდრე ელისაშვილი – 31,431.00

გულო ზუმბაძე – 15,500.00

სხვა საარჩევნო სუბიექტები – 92,168.00

ჯამი – 12,998,651.16

აქედანაც კარგად ჩანს, რომ საარჩევნო სუბიექტები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ         სახელისუფლებო კანდიდატებთან.

შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა მოთხოვნა 544 ფიზიკური       პირის შემოსავლების შესახებ.  შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“.

  1. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

ცესკომ 71 ადგილობრივი და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაცია მოახდინა. აკრედიტაცია გაიარა ასევე 82 მედია საშუალების წარმომადგენელმა. დამკვირვებლების გარდა უბნებზე ასევე საარჩევნო პროცესს თვალს ადევნებდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.

არჩევნების დღეს გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე ღიად იყვნენ აფილირებული ძირითად საარჩევნო სუბიექტებთან და უხეშად ერეოდნენ კომისიის წევრების ფუნქციებში.

  1. გენდერული ბალანსი

საარჩევნო სუბიექტების უმეტესობას და მათ შორის მმართველ პარტიას არ ქონდა დაცული  გენდერული ბალანსი კანდიდატების წარდგენისასს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან

     63,15% იყო მამაკაცი

     36,85% იყო ქალი.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან

83,50% იყო მამაკაცი

     16,50% იყო ქალი.

არჩევნების დღე

არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თითქმის ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა.  უბნის გახსნის პროცედურები და შემდეგაც ყველა პროცედურა ჩვენს მონიტორინგს დაქვემდებარებულ უბნებში ძირითადად დარღვევების  გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა გარკვეული ტიპის ხარვეზებს მაინც ქონდა ადგილი

საარეჩევნო პროცედურების დარღვევის ფაქტები

 ჩვენმა მონიტორებმა ბათუმის N79 და ისნის N 5 საარჩევნო ოლქში პროცედურული ხასიათის დარღვევა    დააფიქსირეს. ბათუმში ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელმა, რომელიც უბნის გახსნის დროს შიგნით იმყოფებოდა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა ისნის ოლქში იმ განსხვავებით რომ უბანზე ხმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ,,ევროპელი საქართველოდან“ მარკირების შემოწმების გარეშე მისცა ხმა.

ასევე ერთ-ერთ უბანზე პირველი ამომრჩეველის მისვლის დროს საკონტროლო ფურცელი ჯერ შეავსეს და მერე მოძებნეს ამომრჩეველი იმ უბნის სიაში სადაც ის არ აღმოჩნდა. ამ დარღვევებზე შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.

ასევე ლანჩხუთის N 61 სარჩევნო ოლქის N 21 უბანზე გადასატან ყუთზე, უბანზე დაბრუნების შემდეგ, არ დალუქეს ყუთის ჭრილი. შენიშვნის მიცემის შემდეგ ეს ხარვეზე გამოსწორდა.

ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლი

მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან იდგნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები სიებით და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, მართალია დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, მაგრამ ეს შეიძლება შევაფასოდ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლა.

ასევე უბანზე შიგნით საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები რეგისტრატორების სამაგიდო სიებიდან იწერდნენ გარკვეულ მონაცემებს და ეს ფაქტი ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ შეფასდა როგორც ამომრჩევლის თავუსუფალი ნების კონტროლი, რადგან მათი განმარტებით ხდებოდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების მესამე პირზე გადაცემის საჩივრით არც  ერთ ამომრჩეველს არ მიუმართია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის. რაც შეეხება ცესკოს განმარტებას ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ ამ შემთხვევაშიც ცესკო მოქმედებდა მოქმედი კანონის ფარგლებში და არ ზღუდავდა დამკვირვებლის ან  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის თავისუფალ მოქმედებას საარჩევნო უბანზე.

დაფიქსირდა უბნები, სადაც უბნის შესასვლელებში საარჩევნო სუბიექტის ,,ქართული ოცნების“ დროშები ფრიალებდა.

  1. დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები

    ხაშურის N 35 საარჩევნო ოლქის N 8 და N 45 საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები    ითხოვდნენ ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მონიტორების უბნიდან გაძევებას, თითქოს მათ არ ქონდათ უბანზე ყოფნის უფლება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჩარევით ეს პრობლემა აღმოიფხვრა.

  1. სარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია

     ზემოთ აღნიშნული დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი   კვალიფიკაციის მაჩვენებელია, რადგან მათ არ იცოდნენ ვის ქონდა უბანზე ყოფნის უფლება.

  იყო უბნები სადაც კომისიის წევრები დამკვირვებლის ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების ნებას ემორჩილებიდნენ.

  1. საარჩევნო უბნების მოწყობის პრობლემები

ზოგიერი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე უმეტეს უბნებზე კედლის ამომრჩეველთა ერთიანი  სიები არ იყო გამოკრული, რაც საარჩევნო კოდექსისი 31-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევაა. ეს ქმნიდა პრობლემას ამ უბნებზე, რადგან ხდებოდა ისეთი პირების შესვლა საარჩევნო უბანზე, ვისაც ამ დღეს იქ ყოფნის უფლება არ ქონდა.

  1. ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი

არჩევნების დღეს ხმის დათვლის დროს გამოიკვეთა ბათილი ბიულეტინების პრობლემა. საარჩევნო უბნის  კომისიის წევრები არასათანადოთ იყვნენ ინფორმირებულები, რომელი ბიულეტინი უნდა ჩეათვალათ ბათილად და რომელი არა, რაც არასათანადოდ არის განმარტებული მოქმედ კოდექსში.

ამან გამოიწვია თიანეთის N 19 საარჩევნო ოლქის N 20 უბნის პრობლემა, სადაც ბიულეტინების    გაბათილების შემდეგ ჯერ ერთი კანდიდატი გამოცხადდა გამარჯვებულად და შემდეგ ხელახალი გადათვლისას, მეორე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო პროცესი და სასამართლოს სამართლიან მიმდინარეობას  ჩვენი ორგანიზაციები მონიტორინგს უწევდნენ.

  1. მედიაცენტრი

არჩევნების დღეს ჩვენი ორგანიზაციების მონიტორების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე  ინფორმაციების გადასაცემად ფუნქციონირებდა მედიაცენტრი და ყველა დარღვევა 4 საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით მუდმივ რეჟიმში შუქდებოდა.

ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ მონიტორინგს და საბოლოო ანგარიშს შესაბამისი რეკომენდაციებით მეორე ტურის დასრულების შემდეგ წარმოგიდგენთ.

 

  1. ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი
  2. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”        თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი
  3. ,,მწვანე დედამიწა”                                                                         დირექტორი ნუგზარ მელაძე
  4. სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო         თავმჯდომარე ანა პაპიანი
  5. საქართველოს კონსტიტუციურდემოკრატთა ასოციაცია          თავმჯდომარე თეიმურაზ თუმანიშვილი