რომან რურუას ორდღიანი სტუმრობა სოხუმში და პირველი შთაბეჭდილება წლების შემდეგ…

მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული სპორტსმენი რომან რურუა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
ინტერვიუს რომან რურუასთან ასავალ-დასავალი აქვეყნებს. რურუა სწორედ ის ადამიანია, ვისი შეხედულების მოსმენა საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც საინტერესო და დამაფიქრებელი უნდა იყოს, ამიტომ გთავაზობთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუს.

– ბატონო რომან, ოკუპირებულ აფხაზეთში როგორ აღმოჩნდით?

– აფხაზეთში მოხვედრაზე დღეს, ალბათ, ბევრი ქართველი ოცნებობს. მეც ბევრჯერ მიფიქრია როგორ მომენახულებინა აფხაზეთი. პირველი, რაც ამის იმედს მაძლევდა ის იყო, რომ მე იმ სისხლიან უბედურებაში, რაც აფხაზეთსა და ჩვენს შორის მოხდა, მონაწილეობა არ მიმიღია. იმაზეც ვიფიქრე, იქითა მხრიდან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი სტუმრობის წინააღმდეგი. ასეთი აფხაზეთის მკვიდრი არავინ გამახსენდა. ვიფიქრე იმაზეც, ქართველებიდან ვის შეიძლებოდა ჰქონოდა აზრი, რომ მე აფხაზეთში არ ჩამესვლება. ვერც ქართველებში ვიპოვე ვინმე ასეთი. ბევრი ჩემი მეგობრი და ნაცნობი მირჩევდა, არ ჩავსულიყავი სოხუმში, რომ ჭრილობები ჯერ მოშუშებული არ არის, ჯერ კიდევ მძაფრია ემოციები და ვიღაცამ იქნებ ეს ჩემს საწინააღმდეგოდაც გამოიყენოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე მენახა აფხაზეთი.
ამ ბოლო დროს აფხაზეთიდან დამიკავშირდნენ ჭიდაობის ოჯახის წარმომადგენლები ძველი და ახალი თაობაც. ტელეფონით რამდენჯერმე ვისაუბრეთ და აქეთ სტუმრად დავპატიჟე. მართლაც ჩამოვიდა ორი ახალგაზრდა, ჩემთან სახლში ცხოვრობდნენ. ნახეს შეჯიბრი და ორი დღის შემდეგ გავაცილე. შევპირდი, რომ მეც აუცილებლად ვესტუმრებოდი.

ოქტომბრის შუა რიცხვებში გადავწყვიტე წასვლა. მე მაქვს მორალური უფლება თამამად, თავისუფლად ჩავიდე აფხაზეთში.

ჩემი მასპინძლები საზღვარზე დამხვდნენ და წავედით სოხუმში. იმავე დღეს შევხვდით ბევრ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს. შევხვდი იმათაც, ვინც კონფლიქტში აფხაზეთის მხრიდან ღებულობდნენ მონაწილეობას, ზოგიერთ მაღალი თანამდებიბის პირსაც. ვესაუბრე იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი თვალით ნახეს ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა აფხაზეთს. მეორე დღეს დავათვალიერეთ აფხაზეთის ზღვის სანაპირო, ლესელიძის საზღვრამდე ჩავედით. სოხუმს იქით ვნახე ომის ნაკვალევი, შენობები გადამწვარი და გადახრიოკებული, გაპარტახებული და მიტოვებული სახლები, არც ერთი მტკაველი მიწა დამუშავებული არ არის, მოსავალი არ აქვთ. მიუხედავად ასეთი სურათისა, აქა-იქ მაინც მოძრაობს ხალხი.
საინტერესო საუბრები გვქონდა. უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი საქართველოს მიმართ ზიზღი არავის გამოუხატავს, პირიქით ყველას პატივისცემის გრძნობის ღიმილი ეტყობოდა.

აი, რა თქვეს მათ: ჩვენ გვეომებოდნენ უმეტესად ქურდები და ყაჩაღები, რადგან არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება და არც ერთი ოჯახი რომ არ გაეძარცვათ და არ დაეყაჩაღებინათ, იყო წამებისა და გაუპატიურების ფაქტები. ომი ცოტას აინტერესებდა, იყვნენ მძარცველები, ჩვენ იძულებულნი ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ოჯახები და ჩვენი ხალხი.
რა თქმა უნდა, არც ის დაუმალავთ, რომ დაეხმარნენ ჩრდილოეთ კავკასიელები. ისიც თქვეს, რომ ჩვენ კი არა გერმანია გაერთიანდაო.

ერთი უნდა აღვნიშნო, არც ჩვენი და არც რუსეთის მადლობლები არ არიან.
რატომ არიან ჩვენით უკმაყოფილონი? ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ქვეყნის სიყვარულით ბევრ გულანთებულ მებრძოლ ახალგაზრდასთან ერთად სამშობლოს დასაცავად რომ ეწირებოდნენ, ბევრი ქურდი, ყაჩაღი და ხელმოცარული ადამიანიც ერია. დიახ, ბევრი იყო ისეთი, ვინც ამ ომში ქონების საშოვნელად წავიდა. ჩვენ იქ არ შეგვიყვანია ის ჯარი, რომელიც დაიცავდა იქაურ მოსახლეობას და ჯარისკაცის მუნდირის ღირსებას.
იგივე კატეგორიის მეომრები იყვნენ შემოსული ჩრდილოეთ კავკასიიდან.
რატომ არიან უკმაყოფილო რუსების? მართალია, რუსებმა დაიკავეს მათი ტერიტორია, ჩვენ გამოგვყარეს იქიდან, მაგრამ ბოლომდე არავის გაუმჟღავნებია სიმართლე, რატომ მოიქცა რუსეთი ასე და არც მომავალში იტყვის ალბათ. ჩვენ უნდა ვთქვათ და ამოვხსნათ.
სამივე მხარეს _ ჩვენც, რუსეთსაც და ჩრდილოეთ კავკასიაც, ჩვენ ჩვენი მიზანი გაგვაჩნდა. ქართველების მიზანი საიდუმლო არ არის, გვინდოდა მთლიანობის შენარჩუნება, ჩრდილოეთ კავკასიის მიზანი _ შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება იყო, ხოლო რუსეთის _ არავითარ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის შავ ზღვაზე გასასვლელი არ მიეცა. ისინი ამას არასდროს იტყვიან, მაგრამ ჩვენი მიზანია ამოვხსნათ, ვის რა უნდოდა, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს აფხაზებს ან მარტო რუსეთს ნუ დავაბრალებთ. ასე მარტივად არ არის საქმე. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის გაღვივება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. დიახ, გაგრა-თბილისის სამგზავრო მატარებელს სოხუმში ფანჯრები ჩაულეწეს და ამ პროვოკაციას ხელმძღვანელობდა პარტიული ფუნქციონერი, ჩრდილოეთ კავკასიელების იდეოლოგიური აზრის გამტარებელი კონსტანტინე ოზგანი, რომელმაც შარშანდლამდე იცოცხლა. იგი საშინელი ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდა. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე ოზგანი არც აფხაზი იყო და არც რუსი, ის ეთნიკური თურქი იყო.

– ამით რისი თქმა გინდათ?

– ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის ჩათესვას თურქი კაცი რომ ედგა სათავეში, ეს არაფერს გეუბნებათ?! ოზგანისათვის მაშინდელ ქართულ უშიშროებას უნდა მოევლო, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ მოუარა!

ბატონო რომან, იმაზე აკეთებთ მინიშნებას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ინსპირატორი თურქეთი იყო?

– ყველაფრის თავი და თავი იყო მუსულმანური სამყარო, ანუ ჩრდილოეთ კავკასია, რომელსაც უნდოდა, აფხაზეთი საქართველოსათვის გამოეგლიჯა, მასთან კონფედერაცია შეექმნა და ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა. ამიტომაც იყო, რომ ჩეჩნები და სხვა ჩრდილოკავკასიელები აფხაზეთის ომში აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ გვეგონა, რომ ისინი რუსეთის დავალებით გვეომებოდნენ, მაგრამ ვცდებოდით.

ახლა არ მითხრათ, აფხაზეთის ომთან კრემლი არაფერ შუაში არ ყოფილაო!

– ყველაფერს კრემლს ნუ დავაბრალებთ, რაც დაგვემართა, მეტწილად ჩვენი უთავობით დაგვემართა. ოღონდ რუსეთი მონსტრად დაგვეხატა და სხავაზე არაფერზე ვფიქრობდით. რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილება ისედაც უჭირდა და თუ მას საშუალებას მისცემდა, აფხაზეთის მეშვეობით ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა, რუსეთი დაშლის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმჩნდებოდა. სწორედ ამიტომ დაიკავა მან აფხაზეთი, ჩრდილოკავკასიელები გარეკა და მათ ზღვაზე გასვლის პერსპექტივა მოუსპო.

– მოკლედ, თქვენ ახლა აფხაზეთში ომის დაწყებისა და რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის შესახებ სრულიად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობთ!

– დიახ, რუსეთმა აფხაზეთი ჩრდილოეთ კავსკასიის დასაშოშმინებლად დაიპყრო! ამის შესახებ აფხაზებთანაც ვილაპარაკე და ისინი აღიარებენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიას მათთან კონფედერაციის შექმნა და ზღვაზე გასასვლელის მოპოვება სურდა.

საერთოდ, ჩრდილოკავკასიელების ოცნებაა, რომ თურქეთთან, ზღვის მეშვეობით, პირდაპირი კავშირი დაამყარონ. გავიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან, ანუ ქრისტიანაული სამყაროდან და შევიდეს თურქეთის გავლენის სფეროში, ანუ მუსულმანურ სამყაროში! – აი, ეს იყო და არის ჩრდილოეთ კავკასიის მთავარი მიზანი!
სამწუხაროა, რომ ქართველებმა ჩვენი ძლიერი მეზობლის – რუსეთის სტრატეგიული ინტერესები არ გავითვალისწინეთ და ჩვენვე ვაქციეთ იგი ოკუპანტად!

– ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დღეს აფხაზეთი არა ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. გამოსავალს რაში ხედავთ?

– გამოსავალი ის არის, რომ გონს მოვეგოთ და ,,ნატო-ს&ქუოტ; ძახილს შევეშვათ! რა გვინდა, საქართველოში ნატო-ს ჯარი შემოვიყვანოთ და რუსეთს ყურისძირში საზენიტო რაკეტები დავუყენოთ?! უკანასკენლმა ბრიყვმაც კი იცის, რომ რუსეთი ამას არასოდეს დაუშვებს! ისიც ცხადია, რომ ჩვენი გულისათვის არც ამერიკა და არც ევროპა რუსეთს ომს არასოდეს არ აუტეხავს და ვერც აუტეხავს!
ჩვენსავე შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა და რუსეთის ინტერესები გავითვალისწინოთ, მით უმეტეს, რომ ქართულ-რუსული ინტერესები ბევრ რამეში ერთმანეთს ემთხვევა.

– მაინც რაში ემთხვევა ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის ინტერესები?

– ერთ-ერთი მთავარი ინტერესი გახლავთ სარწმუნოება და საკუთარი საზღვრების დაცვა .Kკიდევ ის, რომ კავკასიის დაშლა არც საქართველოს აწყობს და არც რუსეთს! ვიღაცებს ილუზია აქვთ, რომ რუსეთი დაიშლება, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ძლიერია. და კიდევ, ვინც საღად აზროვნებს, ყველას გათავისებული აქვს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის დაშლის პროცესი რომ დაიწყოს, ეს საქართველოს ბევრად უფრო სავალალო შედეგს მოუტანს, ვიდრე თვითონ რუსეთს.

– როგორ ცხოვრობენ დღეს აფხაზები და სოხუმში ორდღიანი სტუმრობის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ – სურთ მათ საქართველოს წიაღში დაბრუნება?

– აფხაზები მშვენივრად ხვდებიან, რაც სჭირთ და თავიანთ მძიმე მდგომარეობასაც აანალიზებენ. მითხრეს – ბოლოს და ბოლოს, ჩვენ კი არა, ორად გახლეჩილი გერმანია გაერთიანდაო.
სხვათაშორის, რუსეთი აფხაზეთში ფულს არ დებს, არაფერს აშენებს და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე არ ზრუნავს.
რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი მისი არ არის და ვერ იქნება, მაგრამ ოკუპაციას საქართველოზე ზეწოლისათვის იყენებს, რათა ნატო-ზე უარი გვათქმევინოს!
გონს თუ მოვეგებით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და რუსეთის ინტერესებსაც გავითვალისწინებთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სავსებით რეალური პერსპექტივა გახდება!
აფხაზები დღეს სხვადასხვა სფეროში ქართველებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობენ, მათ შორის სპორტში. აი, მაგალითად სპორტში, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა კარიერის გასაგრძელებლად აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთში მიდის. სადაც მათ ნორმალურ პირობებს უქმნიან. ჩვენც უნდა შევუქმნათ კარგი პირობები ამ ახალგაზრდებს. ჩემს შეთავაზებაზე რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები გამოგზავნონ და ჩვენ მათ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, სიამოვნებით დამთანხმდნენ.

აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვებს ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ და აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო მათ შვილებს პატრონობს.