ესტონეთის პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი  სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა. პრეზიდენტები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და არსებული პრობლემები მოისმინეს.

„ჩვენ მიუხედავად იმისა მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდმა შედეგი ვერ მოიტანა, საბოლოოდ ამ მავთულხლართების გამო ეს ადამიანები ზარალდებიან. მათ არ შეუძლიათ ახლო ნათესავების მონახულება, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე. ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელებთ ამ პრობლემების წინ წამოწევას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს“- აღნიშნა კალიულაიდმა.   ესტონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის წიგნი უსახსოვრა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ეხება.

„ეს წიგნი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამუშევარია. კარგია, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში ახორციელებს მონიტორინგს. მე შევხვდი სამ ესტონელს, რომლებიც ამ მისიაში მონაწილეობენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სანამ გამოსავალს არ ვიპოვით. საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება”-განაცხადა ქალბატონმა კერსტიმ.