“შეიძლება მან არც კი იცის როგორ მაკლია დედა… როდესაც მისი ხელებისთვის თვალი მომიკრავს, ტირილი მომნდომებია”

უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ემიგრანტის შვილები თითქოს სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობენ, თითქოს სხვანაირად იღიმიან, განსხვავებულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, მათ არც შესამოსელი აკლიათ და არც ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთები, მათ თვალებში მუდამ ღრმა სევდაა ჩაძირული. მათთვის ერთი შეხედვაც, მათთან მხოლოდ ერთხელ გასაუბრებაც  საკმარისია, რომ მათ გულებს ჩაწვდე და დედის სითბოსა და ალერსის გარეშე დარჩენილი უკვე გაზრდილი პატარები დაინახო.

თბილისელი, მე-11 კლასელი ნინო გიგაური,  რომლის დედაც უკვე წლებია უცხოეთში  ლუკმა-პურის საშოვნელადაა წასული,  ემიგრანტების და მათი შვილების ყველაზე დიდ საწუხარზე, განშორებაზე  წერს, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ:

„ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ქართველები უცხოეთში სამუშაოდ მიდიან და ემიგრაციის მსხვერპლნი ხდებიან. ისინი საქართველოში ოჯახებს ტოვებენ. ყველაზე დიდი ტკივილი მათთვის შვილებთან განშორებაა. ეს ტკივილი ყოველდღიურად კლავს მათ. შვილების ნახვის სურვილი ყოველდღიურად უმძაფრდებათ, არადა უკან ვერ ბრუნდებიან, რადგან ქვეყანა, სადაც შეუძლებელია თანხის გარეშე განათლების მიღების და ახლობლის გარეშე დასაქმების, განვითარების პერსპექტივა, სხვა გზას არ გიტოვებს. ხშირად მომისმენია ემიგრანტებს როგორ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, რომ ელემენტარული პურის ფული ჰქონდეთ მათ შვილებს, რომ განათლება მისცენ და მათაც როგორმე მოახდინონ თვითრეალიზაცია საზოგადოებაში. ყველა დედის სურვილიც ხომ ეს არის, რომ მათმა შვილებმა იცხოვრონ თბილ და მყუდრო გარემოში, სადაც სამომავლოდ ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

მე ყველაზე კარგად მესმის უცხოეთში გადახვეწილი ემიგრანტების და მათი შვილების, რადგან უკვე წლებია დედის გარეშე ვცხოვრობ. შეიძლება მან არც კი იცის, როგორ მაკლია და მჭირდება  დედა.  როდესაც სოციალურ ქსელში მისი იერდაკარგული, გამომშრალი  ხელებისთვის თვალი მომიკრავს, ტირილი მომნდომებია, მაგრამ არასოდეს მიტირია მასთან საუბრის დროს და არ მითქვამს შესამკობი სიტყვები, ეს ალბათ იმიტომ რომ არ მინდოდა გულის სტკენოდა. უფრო მეტად მტკივა, როდესაც ვამჩნევ შრომისგან და ნერვიულობისგან როგორ ეკარგება  დედის სახესაც ახალგაზრდული იერი. მე ვყოფილვარ დედასთან ჩასული და ვიცი რის ფასად უჯდება ჩემი სწავლა, ჩაცმა, დახურვა.

ყველა ემიგრანტის შვილს ვთხოვდი, დააფასონ საკუთარი დედები. დედაზე ძალიან არავის უყვარხართ, მასზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემთ. თქვენი ერთი ავადმყოფობა დედისთვის სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასია. იმისთვის, რომ მშიერი არ იყოთ, მერწმუნეთ, ისინი ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, უცხოეთში გატარებული ყოველი დღე მათთვის ყველაზე უღიმღამო და უფერულია, რადგან მათთვის ოჯახის გარეშე ცხოვრება მტკივნეულია.  მათი ჯანმრთელობის ფასი არაფერია!

ყველაზე საუკეთესო საღამოა, როდესაც ზიხარ დედის გვერდით და ლაპარაკობ არაფერზე. არა აქვს მნიშვნელობა რა თემაზე, მთავარია ის შენს გვერდით არის.

გახადეთ ისინი უფრო ბედნიერი, გაუფერადეთ ცხოვრება- ეცადეთ მათ სახეზე ღიმილის მიზეზი თქვენი წარმატება და თბილი სიტყვები იყოს და გახსოვდეთ რომ მათი ბედნიერება წვრილმანებშია“.