ჩოჩელს დაავიწყდა, რომ პოლიტიკა კომპრომატების სფეროა, მას კი დასაკარგი ბევრი აქვს!..

       რას უმზადებს ცეზარ ჩოჩელი „ქართულ ოცნებას“ ?

         29 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“  მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თიანეთში, ყაზბეგსა და დუშეთში  თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო მცხეთაში, მოქმედი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს. ამ უკანასკნელის წარდგენას განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ მცხეთაში, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“  მცხეთაში შესაძლოა ცნობილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი წარედგინა. ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რადგან ნაცმოძრაობის არაერთი ცნობილი ბიზნემენი გვინახავს „ქართული ოცნების“ გვერდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციას თავად ცეზარ ჩოჩელის გარემოცვა ავრცელებდა. მათ კარგად იცოდნენ, რომ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საგურამოში თავად ბიძინა ივანიშვილმა ღიად დაასახელა. ასევე იციან ისიც, რომ დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ფაქტია, გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ხუნდაძე მცხეთში სახალხოდ წარადგინა.

მართალია, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩოჩელი ოცნების კანდიდატი გახდებოდა, მალევე გაქარწყლდა, მაგრამ დარჩა კიდევ ერთი ჭორი, თუკი ჩოჩელი  დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, მეორე ტურში იგი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ მოხსნიდა თავის კანდიდატურას. ესეც ჩოჩელის მხრიდან კარგად შეფუთული პიარ-სტრატეგია აღმოჩნდა. სინამდვილეში კი, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი სწორედ მაშინ ჩადგებოდა დამოუკიდებელ მაჟორიტარად, თუკი ოცნება დიმიტრი ხუნდაძეს დაასახელებდა.  საინტერესოა, რატომ გააკეთა ჩოჩელმა ეს განცხადება? რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, დიმიტრი ხუნდაძეს ჩოჩელისთვის გასული 4 წლის მანძილზე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, პირიქით, შრომითი ინსპექციის შექმნის შემდეგ, სწორედ ხუნდაძემ გააკეთა საჩვენებელი შემოვლა ჩოჩელის ბიზნეს-ობიქტებზე. მართალია, მას როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაშინ მხოლოდ კმაყოფილი დასაქმებულები წარუდგინეს წინასწარ დადგმული სცენარით, უკმაყოფილოები კი, რომლებიც მრავლად არიან, ახლოს არ გააკარეს, თუმცა, როგორც ჩანს, ხუნდაძეს ეს არ დაუფასეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელს გადაწყვეტილი აქვს მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად დამოუკიდებლად იყაროს კენჭი.

რამ ან ვინ გაათამამა ჩოჩელი ასე ძალიან?

ფაქტია, გარკვეული გარანტიების გარეშე ცნობილი ბიზნესმენი ამ თამაშს არ დაიწყებდა. მითუმეტეს, არ დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ახლო მეგობარს.  შევეცადეთ, მცირე მოკვლევა გაგვეკეთებინა და მცხეთაში რამდენიმე კომპეტენტურ პიროვნებას გავესაუბრეთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უბრალო მოქალაქეებმაც კი იციან გასული ორი წლის მანძილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და ყოფილ გუბრნატორს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ხუნდაძე ღიად ამის შესახებ არ საუბრობს, ჩვენ მაინც შევიტყვეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ყოფილმა გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა, მცხეთის თემის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ანსიანმა და კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა უშიშროებიდან მირიან მჭედლიშვილმა მოინდომეს დიმიტრი ხუნდაძის დასუსტება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თუმცა, სწორედ ხუნდაძის წყალობით ისინი დღეს ყველანი „ყოფილები“ აღმოჩნდნენ და თანამდებობები დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს გუნდიც „ქართული ოცნების“ ნაწილია, თვითმმართველობის არჩევნების დროს ხუნდაძის, ანუ ოცნების კანდიდატს თავიანთი კანდიდატი  სხვა პარტიიდან დაუპირისპირეს, თუმცა, უშედეგოდ. დღეს კი უკვე, როგორც შევიტყვეთ,  საპარლამენტო არჩევნებში ისინი თავდაპირველად მალულად ზურგს უმაგრებდნენ პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატს კონსტანტინე მორგოშიას. ეს უკანასკნელი კი მცხეთაში იმდენად ურეიტინგო აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა სხვა სახის შერჩევა და არენაზე ახალი ფალავანი გამოიყვანეს ცეზარ ჩოჩელის სახით. ცეზარ ჩოჩელი ნუგზარ ყიფიანის მეგობარია.

საინტერესოა, აყვება თუ არა ჩოჩელი მეგობრების რჩევას და დაუპირისპირდება თუ არა იგი ოცნების კანდიდატს. მართალია, დღეს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის გამო, აღარავის დევნიან და ბიზნესაც არავის ართმევენ, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ვანო მერაბიშვილის ერთგულ მეგობარს ნამდვილად ბევრი რამ აქვს დასაკარგი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ ძლივს დალაგებული ურთიერთობა.

ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მსხვილი ფიგურები ჩოჩელის კარზე გააქტიურდნენ. შევიტყვეთ ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ცეზარ ჩოჩელის დავალებით მათთან შეხვედრა მოეწყო. როგორც მცხეთელები ამბობენ, 4 წლის მანძილზე მიჩუმათებულ, ჩრდილში მყოფ ნაცმოძრაობას იმედი გაუჩნდა ჩოჩელის შემდეგ  და ცდილობენ ხალხი ოცნების და ხუნდაძის წინააღმდეგ განაწყონ. მოსახლეობაში ნაცმოძრაობის დაბრუნების შიშის სინდრომი გაჩნდა, რამაც მცხეთელები ძალიან გააღიზიანა. ფაქტია, ცეზარ ჩოჩელმა კარგად გამოიყენა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ სენაკში, ერთ-ერთი ბიზნეს-პროექტის პრეზენტაციაზე მის მიმართ ნათქვამი სიტყვები,  მაგრამ, დაავიწყდა ის, რომ პოლიტიკა კომპრომატების სფეროა და თუ ოცნებას დაჭირდა, ამ „ხელოვნებას“ აუცილებლად მიმართავს.

ასე რომ, მცხეთაში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. თუკი ცეზარ ჩოჩელი თავის კანდიდატურას დამოუკიდებლად წარადგენს, გამოდის, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ღიად უპირისპირდება. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ოცნება ცნობილი ბიზნესმენის ცნობილ ჩინოვნიკურ საქმიანობას და დაიწყება თუ არა ანგარიშსწორების პერიოდი?  ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოჩელის გარემოცვამ, ხუნდაძის წარდგენის შემდეგ, უკვე დაიწყო ფიქრი მოსალოდნელ საფრთხეებზე.

 

 

 

კომენტარის დატოვება