„პროკურორმა მითხრა, ვიცი უდანაშაულო ხარ, მაგრამ მაშინ შენი ციხეში ყოფნა უნდოდათო…აღიარა…“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ვიქტორ ჭელიძე

საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილე

ბრალად ედებოდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების დაზიანება, თანხების მითვისება-გაფლანგვა. 12 წლის განმავლობაში ძებნილად იყო გამოცხადებული, 2015 წელს კი ბელგიამ ქართულ მხარეს გადმოსცა და მას შემდეგ #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

გამართლებულია სასამართლოს მიერ, რის შემდეგაც მიმდინარე წლის თებერვალში საპატიმრო დატოვა.

-პროკურორმა მითხრა, ვიცი უდანაშაულო ხარ, მაგრამ მაშინ შენი ციხეში ყოფნა უნდოდათ და ახლა მომიწერე ხელი ჩვენებაზე და გათავისუფლდებიო. მე უარი ვუთხარი და ავუხსენი, რომ ხელის მოწერით პროკურორის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამომაწილე გავხდებოდი. მე ვარ უდანაშაულოდ გასამართლებული, რადგან დანაშაული არ არსებობს. გამასამართლეს არარსებული ფაქტების გამო და მე ეს დავამტკიცე სასამართლოში.

-სად ხდებოდა თქვენი და პროკურორის ეს საუბარი?

-ორთაჭალის #12 ციხეში. საუბარს ესწრებოდა ციხის დირექტორიც და ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა იწერებოდა. საუბარი დირექტორის კაბინეტში შედგა და იქ კამერებია, ასე რომ ძნელი დასაჯერებელია არ ჩაწერილიყო, რაც ჩემთვის კარგი იყო, რადგან პროკურორმა აღიარა საუბარში ჩემი უდანაშაულობა. მითხრა, ხომ იცი ვინც გაგიკეთა ეს ყველაფერი მოაწერე ხელი, აღიარე, სასამართლო დარბაზიდანვე გაგათავისუფლებთ, გადი გარეთ და მიხედეო.

-იცით?

-პროკურორსაც ვუთხარი-მე მგონია ვინც გააკეთა და შენ ზუსტად იციმეთქი. ვუთხარი ისიც, რომ მისი დანაშაულის თანამონაწილე არ გავხდებოდი, მას კი პასუხს ვაგებინებდი ამ ყველაფერზე. საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა. წასვლის წინ მიმანიშნა, რომ პროცესს გაგიწელავო.

-აასრულა?

-კი, პროცესი 2 წელი გაიწელა მიუხედავად იმისა, რომ მართალი ვიყავი და ჩემი უდანაშაულობა სასამართლომ დაამტკიცა.

-ე.ი. ედავებით რომ უდანაშაულოდ გაგასამართლათ?

კი, თუმცა ვედავები კიდევ მეორეს-უფრო მძიმე დანაშაულს-საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას. დიახ, საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა პროკურორმა, რომელიც დღესაც თავდაცვის სამინისტროს კურირებს. ახლავე ავხსნი-გამოვიყენე კონსტიტუციური უფლება და სასამართლოდან გამოვითხოვე ჩემი სისხლის სამართლის საქმე.

რატომ გამოითხოვეთ, ადვოკატები არ გყავდათ?

-გამოვითხოვე იმიტომ რომ უკვე არავის ვენდობოდი, დავიწყე კოდექსის შესწავლა. საქმე ჯერ 3500 ფურცელი იყო და მერე 5 ათასამდე ავიდა. სულ 15 ტომი. ვიჯექი ციხეში, პატიმრებთან და ვეცნობოდი. მე-7 ტომში ვნახე კონტრდაზვერვის გრიფით დოკუმენტი, გასაიდუმლოება არ ჰქონდა. მივედი ციხის დირექტორთან და ვუთხარი ამ დოკუმენტის შესახებ. მან მითხრა, რომ ეს საიდუმლო დოკუმენტი ჩამეტანა ბიბლიოთეკაში , რაზეც უარი განვაცხადე. რადგან ციხემ ვერ გადაწყვიტა პრობლემა, მივწერე შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

-რა მიწერეთ?

-მივწერე რომ ამა და ამ საქმეში აღმოვაჩინე საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი და ვითხოვე პასუხი-იყო თუ არა ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული. მომივიდა პასუხი გომელაურის უწყებიდან-თქვენს განცხადებაზე დავიწყეთ მოკვლევა, მოვიძიეთ საქმე და მართლაც, 2007 წელს არსებითი განხილვისთვის საიდუმლო დოკუმენტი შევიდა საქმეში. დოკუმენტი დღემდე საიდუმლოა, მაგრამ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რადგან დაკვალიფიცირებულია 320-ე მუხლის პირველი ნაწილით და ხანდაზმულობის ვადა გასულიაო. მართლაც ამ მუხლით 6 წელი უკვე გასული იყო და არ აღიძრა საქმე პროკურორის წინააღმდეგ. ე.ი. რა გამოდის? სუსმა აღიარა, რომ პროკურორმა საიდულო ინფორმაცია გასცა იმით, რომ საქმეში ჩადო! გავაგრძელე ჩემი საქმის შესწავლა და ვნახე, რომ კიდევ იყო ჩადებული საიდუმლო დოკუმენტები საქმეში, თუმცა არანაირ შემხებლობაში არ იყო იმ ჩემს მოგონილ, შეთითხნილ საქმესთან, რაც დამაბრალეს და რის გამოც ციხეში ვიყავი.

-როგორ ამტკიცებთ ამ ყველაფერს?

-აი როგორ-მივწერე თავდაცვის სამინისტროს გენშტაბს.

ეს რომელი წელია?

-2015-16 წელი. მივწერე გენშტაბს-ბატონო ვახტანგ, (კაპანაძე)  გთხოვთ გამომიგზავნოთ თავდაცვის მინისტრის ამა და ამ წლის ესა და ეს ბრძანება. მომივიდა პასუხი-გიგზავნით მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. 2016 წელს 46 საიდუმლო დოკუმენტი დავადასტურე, რომელიც ჩემს საქმეში აღმოვაჩინე. ასე რომ მე ყველა დეტალი დოკუმენტებით მაქვს გამყარებული და არც ერთ სიტყვას არ ვამბობ ჰაერზე. მერე მივწერე მთავარ პროკურორს, შოთაძეს და ისევ რეაგირება მოვითხოვე. აბა დაფიქრდით, როცა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებელი პროკურორი ისევ უწყებაშია, სად არის გარანტია, რომ იგივეს არ გააკეთებს? მე სქემაც კი წარმოვუდგინე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურიდან სულ მარტივად გავიდეს ინფორმაცია.

-არ გვინდა ახლა ამ სქემის გაშიფვრა-ნუ ვასწავლით იმათ, ვინც არ იციან. მოკლედ რომ გვითხრათ-ახლა უკვე თავისუფალი ხართ, გამართლებულიც ხართ და რას ითხოვთ?

-მე ვითხოვ ერთ რამეს- მე აღმოვაჩინე დანაშაულის ფაქტი ჩადენილი პროკურორის, ზურაბ ლორიას და გამომძიებლის, მეორე-ვიყავი უდანაშაულოდ გასამართლებული. გამასამართლეს შენობა-ნაგებობის დანგრევისა და გაყიდვისთვის, რომელი შენობაც დღესაც დგას და ფუნქციონირებს. 8 ბრალდების დროს პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მოწმე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად რაიმე შემხებლობაში დაადასტურებდა ჩემს დანაშაულს. ამის დასამტკიცებლად მე წლები დამჭირდა და გავთავისუფლდი ამ წლის თებერვალში. სულ სხვა თანამდებობა მქონდა და ისეთ რამეს მედავებოდნენ, რომელიც ჩემი ფუნქციონალური მოვალეობა საერთოდ არ იყო. ე.ი. პროკურორმა ლორიამ აღიარა, რომ ტყუილად ვიყავი გასამართლებული და მეორე, მან ჩემს საქმეში გაასაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტები.

-სხდომა და საქმეც ხომ დახურული იყო, გასაჯაროვება როგორ გამოდის?

-აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ არ იყო დახურული! მე დავხურე 2017-ში.

-თქვენ გამომძიებელიც ახსენეთ და მასაც ედავებით. შეგიძლიათ გვითხრათ ვინ იყო თქვენი საქმის გამომძიებელი?

-ჭანტურია, რომელიც სახეზეც კი არ მინახავს, ერთადერთი მოვახერხე და საუბარი შედგა პროკურორ ლორიასთან ციხეზე. მერე მოხდა ისე, რომ ლორია ამ საქმეს ჩამოაცილეს და სასამართლო სხდომებზე მხარეს წარმოადგენდა უკვე სხვა პროკურორი გიორგი დოლაყიძე.  

-სად მიდიოდა სასამართლო სხდომები?

-ქუთაისში. სხვათაშორის საკმაოდ სუსტი პროკურორი აღმოჩნდა. მოიტანა მათი მთავარი მოწმის, ოგანეზიანის დაკითხვის ოქმი, რომელ მოწმესაც სასამართლო 6 თვის განმავლობაში ელოდა. მოსამართლის კითხვაზე, თუ დაკითხვის ოქმი შედგენილი იყო ორი-სამი დღის წინ, მაშინ თავად მოწმე რატომ არ გამოცხადდა პროცესზე, პროკურორმა უპასუხა, რომ ის გაუშვეს უკრაინაში და პარტიზანულ ბრძოლაშია ჩართული. მე პროკურორს ვუთხარი, რომ არის დასაჭერი იმ მუხლით, რომელი მუხლითაც გასამართლებულია ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეებს სირიაში საბრძოლველად უშვებენ. რა მნიშვნელობა აქვს სირიაში გაუშვებ საქართველოს მოქალაქეს თუ დონბასში? ეს არის დანაშაული.

და მოწმე რატომ არ მოიყვანეს? თუ დაკითხვის ოქმი წარმოადგინეს, რატომ არ მოხდა თავად მოწმის წარმოდგენა პროცესზე?

-ჯერ ერთ დეტალს გეტყვით-პროკურორმა წარმოადგინა ოგანეზიანის ქვეყანაში შემოსვლის და დატოვების უწყისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, სადაც ჩანს, რომ 6 თვით ადრე ოგანესიანი საქართველოში შემოსულია უკრაინიდან, მერე არის გასული და მერე ისეა გასული, რომ შემოსული არ არის. ე.ი. მეორედ გასვლის შემდეგ აღარ შემოსულა საქართველოში და წარმოდგენილია მესამე გასვლა. ეს უკვე მეორე პროკურორის, გიორგი დოლაყიძის მხრიდან ჩადენილი ცალსახა დანაშაულია. გარდა ამისა, სასამართლოზე არ მოიყვანეს მოწმე, რომელზეც ამბობდნენ რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, არადა აქ იყო. ეს უკვე ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მე ციხეში დავღლილიყავი, იმედი დამეკარგა, მეღიარებინა არარსებული დანაშაული და ისე გავთავისუფლებულიყავი. მე კი ბელგიიდან იმიტომ არ ჩამოვედი საქართველოში, რომ ორთაჭალის ციხიდან თავდახრილი და დანაშაულის ჩამდენი გამოვსულიყავი. ვიბრძოლე და ჩემი სიმართლე მაინც დავამტკიცე, ახლა ვითხოვ ამ დამნაშავეების დასჯას. ისინი სტრუქტურაში აღარ უნდა მუშაობდნენ, მათ პასუხი უნდა აგონ ყველა გადაცდომასა და დანაშაულზე. ასევე ვითხოვ ბელგიის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან მათ არ ჰქონდათ ექსტრადირების უფლება და რასაც ჰქვია იქიდან მომიპარეს და აღმოვჩნდი უკვე  საქართველოში. იცით ყველაზე დიდი დანაშაული რა არის? ის, რომ ადამიანი, რომელმაც ადრე დანაშაული ჩაიდინა და დღეს მის დასაფარად ისევ თავის მდგომარეობას იყენებს.

-რა არის ამ ეტაპზე თქვენი მთავარი სათქმელი?

-მე ვარ თავისუფალი, რაც მთავარია, ვარ მართალი. ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს იმისი საშუალებაც კი არ აქვს დისკრედიტაცია გამიკეთოს. ჩემთვის დღეს არაფერს არ ვითხოვ, ეს საჭიროა ქვეყნისთვის-უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებმაც ვერ გაიგეს რა სიკეთე მიიღეს კოჰაბიტაციის შემდეგ. დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი ადამიანები, რომლებიც დღეს ისევ თანამდებობებზე არიან და კიდევ აშავებენ იმით, რომ არსებულ მდგომარეობას იყენებენ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად და არც კი ინანიებენ.

-თქვენ საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციებს ფლობთ და გამჟღავნებასაც აპირებთ. ახლა ითხოვთ ამ პროკურორების გასამართლებას-ამით, ხვდებით ალბათ მხოლოდ ლორია კი არა, სისტემის ბევრი რგოლი ჩამოინგრევა. აქედან გგამომდინარე რაიმე ზეწოლას, შევიწროვებას ხომ არ ამჩნევთ ვინმეს მხრიდან ან თქვენზე, ან ახლობლებზე?

-არა, არანაირს და რომც ვიგრძნო, მაინც არ გავჩერდები, რადგან აუცილებელია დანაშაულებრივი რგოლების სისტემიდან ჩამოცილება, რათა ყველა უდანაშაულოდ გასამართლებულ ადამიანს და მთლიანად საზოგადოებას გაუჩნდეს სამართლიანობის აღდგენის განცდა. თუ დეტალებით მედია ან არასამთავრობოები დაინტერესდებიან, მზად ვარ უფრო მეტი ყურადსაღები ამბებიც მოვყვე.