ილია მეორემ პატრიარქის თანამოსაყდრე გამოაცხადა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა გიორგის დღესასწაულისადმი აღვლენილ წირვაზე  თავის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა.

მეუფე შიოს 2009 წლიდან ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი აბარია. ხოლო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი  ეპარქიას 2003 წლიდან უდგას სათავეში.

როდესაც წმინდა სინოდმა შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს აღლადშექმნილი ეპარქიის წინამძვრად აკურთხა, მეუფემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა:

„ვხედავ რა წმიდა სინოდის დადგენილებაში ღვთის ნებას, უდიდესი მადლიერების გრძნობით და მორჩილებით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვითხოვ შენდობას ჩემი უღირსების გამო.

ჩემთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მინდა დიდება და მადლობა შევწირო უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ დიდი წყალობის და სიყვარულისათვის, რომლის შეგრძნებაც მანიჭებს ძალას, ნუგეშსა და ყველაზე დიდ სიხარულს ჩემს ცხოვრებაში.

მადლობას მოგახსენებთ თქვენო უწმიდესობავ, იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მანიჭებთ. მადლობას გიხდით თქვენი მოღვაწეობისათვის, რომელიც  მაძლიერებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობას გიხდით, როგორც სულიერ მამას, რამეთუ ჩემი საეკლესიო მსახურების ყველაზე რთულ მონაკვეთში ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან მამობრივ სიყვარულსა და მფარველობას. თქვენი რჩევების და ლოცვა-კურთხევის შესრულება მაძლევდა საშუალებას ღირსეულად გადამეტანა მრავალი სირთულე, რაც შემხვედრია მსახურების განმავლობაში…”

 

ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი  1969 წელს დაიბადა ქ. თბილისში.    ბერად 1993 წელს აღიკვეცა, 1996 წელს კი კათალიკოს-პატრიარქმა მღვდლად აკურთხა.

1999 წლის მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახური, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის წინამძღვარი იყო.

2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. მიტროპოლიტის წოდება 2010 წელს მიენიჭა. ამავე წლის ბოლოდან შევიდა  ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.